ძიუდოში, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სერიოზული ცვლილებები მოხდა.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, ძიუდოს ევროპული კავშირისა და ბაქოს პირველი ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, წლევანდელი კონტინენტის ჩემპიონატი ძიუდოში „ბაქო 2015"-ის პროგრამის ფარგლებში გაერთიანდება. ამის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, „ბაქო 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან დღეს მოვიდა.
თავდაპირველად, დადგენილი იყო, რომ კიმონოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი გლაზგოში უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის ძიუდოს ფედერაციის განმარტებით ორგანიზაციული კუთხით სერიოზული პრობლემები შეექმნათ და მათ ღონისძიების სხვაგან გადატანა ითხოვეს.
იყო საუბარი ჩემპიონატი კვლავ ჩელიაბინსკში ჩაეტარებინათ, როგორც შარშანდელი პირველობის მასპინძელ ქალაქში, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ის „ბაქო 2015"-ის ფარგლებში გაეერთიანებინათ.
ამრიგად, ძიუდოში პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებულს, ავტომატურად მიენიჭება ევროპის ჩემპიონის ტიტულიც.
geonoc.org.ge