შპს "რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ კაჩუხაშვილმა და კომპანიის იურისტმა გოჩა გოგიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს შპს "რუსთავის ფოლადი“ იძულებული შეიქმნა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 360 ადამიანი უვადო აუნაზღაურებად შვებულებაში გაეშვა.
მენეჯმენტის ეს უმძიმესი გადაწყვეტილება გამოიწვია 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის მიერ „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ გამოტანილმა უსაფუძვლო, უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებამ.
კერძოდ, – მოსამართლე ქოჩიაშვილმა აკრძალა „რუსთავის ფოლადის“ ათეულობით მილიონის ღირებულების უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება, მათ შორის წიდასაყარის, რომელზე წვდომის გარეშეც მეტალურგიული ქარხნის მუშაობა უკიდურესად იზღუდება.
კერძოდ, – მოსამართლე ქოჩიაშვილმა აკრძალა „რუსთავის ფოლადის“ ათეულობით მილიონის ღირებულების უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება, მათ შორის წიდასაყარის, რომელზე წვდომის გარეშეც მეტალურგიული ქარხნის მუშაობა უკიდურესად იზღუდება.
ამ გადაწყვეტილების მიღების (ფორმალურ) საფუძვლად ქოჩიაშვილმა ვინმე ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნა დაასახელა, რომელსაც 4 553 ლარი და 48 თეთრი აქვს მისაღები 2019 წელს სს „ქართული ფოლადისგან“. ამავე მოტივით ქოჩიაშვილმა ბათილად ცნო შპს„რუსთავის ფოლადის“ მიერ ს.ს. „ქართული ფოლადისგან“ მეტალურგიული ქარხნის შეძენის ხელშეკრულებები.
ჩვენ გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას ჩვენი კანონიერი ინტერესების უხეში უგულებელყოფის გამო. მოსამართლე ქოჩიაშვილის მიერ ბათილად ცნობილი ხელშეკრულებების კანონიერება ერთხელ უკვე დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ორი გადაწყვეტილებით.
საგულისხმოა, რომ მაშინაც, პირველი ინსტანციის მოსამართლე ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებები შპს „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, უსაფუძვლობის გამო.
ფაქტობრივად, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქოჩიაშვილი თავისი გადაწყვეტილებებით უზენაესი სასამართლოს კოლეგიას უპირისპირდება და უზენაესი სასამართლოს მიერ კანონიერად აღიარებულ ხელშეკრულებებს ხელმეორედ ბათილად აცხადებს. ამავდროულად, 4553 ლარისა და 48 თეთრის საკრედიტო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით კრაძალავს მთელი უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება-განკარგვას და ამით ფაქტობრივად აჩერებს ქარხნის მუშაობას.
მოსამართლე ქოჩიაშვილმა უარი თქვა ჩვენს შუამდგომლობაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოთხოვნილი საკრედიტო ვალდებულების (ოთხი ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) მოცულობის თანხის სასამართლოს ანგარიშზე დეპონირებას ქარხნის მუშაობისთვის აუცილებელ აქტივებზე შეზღუდვების ნაცვლად. ამით ეთერ მთვრალაშვილის ვითომდა იურიდიული ინტერესი სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი. ამ ადეკვატური შუამდგომლობის დაკმაყოფილების ნაცვლად, ქოჩიაშვილმა შეზღუდა ათეულობით მილიონის ქონება და პრაქტიკულად გააჩერა და დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა ქარხანა სადაც 2500–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
შპს „რუსთავის ფოლადის“ მენეჯმენტის სახელით ვაცხადებთ, რომ გამოვიყენებთ ყველა სამართებლივ საშუალებას, რათა დავიცვათ შპს „რუსთავის ფოლადის“ კანონიერი უფლებები და ინტერესები“, – ნათქვამია მენეჯმენტის განცხადებაში.