იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი არ გაიზრდება, თუმცა ავტომატურად უქმდება თუ არა იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისში" კომენტარს არ აკეთებენ.
"გეუბნებით, რომ ტარიფი იგივე რჩება, რაც პირველ მარტამდე მოქმედებდა. დამატებით ვერაფერს გეტყვით, კომპეტენტური არა ვარ“, _ განუცხადა "გურია ნიუსს“ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა სარიამ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1 მარტიდან იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით უნდა გაძვირებულიყო, რასაც კომპანიაში ლარის კურსის ვარდნით ხსნიდნენ.
"გამომდინარე იქედან, რომ გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში, იძულებული გავხდით, კურსის ცვლილების გამო, გაგვეზარდა ტარიფი 15 თეთრით, ოღონდ მხოლოდ იურიდიული პირებისთვის", _ აცხადებდნენ კომპანიაში.
ცნობისთვის, დღეისთვის 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს, გაძვირების შემთხვევაში კი, იურიდიულ პირებს 90 თეთრი უნდა გადაეხადათ. ტარიფის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე კი, ხელი 2015 წლის 7 თებერვლამდე უნდა მოეწერათ.
რამდენ იურიდიულ პირთან აქვს "ყაზტრანსგაზს“ ხელშეკრულება გაფორმებული უცნობია, თუმცა, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ იურიდიული პირების ნაწილმა ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერა.
"ჩემი ინფორმაციით იურიდიული პირების ნაწილმა ხელშეკრულების პირობების დასაზუსტებლად და მოლაპარაკებისთვის დრო ითხოვა, ამიტომ მათ ხელი არ მოუწერიათ კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე“, _ ამბობს ვარდიაშვილი.
მისივე თქმით, ის იურიდიულ პირები, რომლებსაც კომპანიასთან უკვე გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, განსხვავებულ პირობებში არ უნდა აღმოჩნდნენ.
"ამისთვის, ისინი ძველ პირობებს უნდა დაუბრუნდნენ. თუმცა, ამას ვერ გავარკვევთ, თუ ტარიფი არ დაირიცხა და შედარება არ მოხდა, ეს გაზრდილი ტარიფით გაქვთ დარიცხული და პირვანდელი მდგომარეობით“, _ აღნიშნავს ვარდიაშვილი.
საკითხთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი კომპანიის სპეციალურ მმართველთან შეხვედრას და ოფიციალური მიმართვის გაგზავნასაც აპირებს. იურიდიულ პირებს კი, რომლებმაც ხელშეკრულება უკვე გააფორმეს კომპანიასთან, ენერგოომბუდსმენი ურჩევს, რომ კომპანიას ინდივიდუალურად მიმართონ და წერილობითი ინფორმაცია მოითხოვონ, ძალაშია თუ არა ძველი ტარიფი.
"კომპანიამ უნდა დაადასტუროს ოფიციალურად, რომ ძველი ხელშეკრულებები მოქმედებს და ახალი ავტომატურად გაუქმებულია ყველა იურიდიული პირისთვის. თუ საკითხი გართულდება, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები“, _ ამბობს ვარდიაშვილი.