სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფასების მატებასა და ინფლაციაზე თებერვლის თვის ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ჯანდაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 0.9%-ით.
საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია ფასების მატება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 2.4%-ით. ფასები გაიზარდა ასევე ამბოლატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0.7%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0.3%).
ტრანსპორტის მიმართულებით, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 2.4%-იანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.3%).
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აღნიშნავენ, თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.1% შეადგინდა და მის ფორმირებაზე მოცემულ პერიოდში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სწორედ ჯანმრთელობის დაცვისა და ტრანსპორტის მიმართულებით.
წინა თვესთან შედარებით ფასების ზრდა შეეხო: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 0.1%-ით; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 1.0%-ით; საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი – 0.4%-ით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 0.5%-ით, ჯანმრთელობის დაცვა – 0.9%, დასვენება, გართობა და კულტურა – 0.7%, განათლება – 0.5%, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.7%, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 1.5%; ამ პერიოდში გაიაფდა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.2%-ით, ტრანსპორტი – 2.4 %-ით და კავშირგაბმულობა – 0.1%-ით.
2015 წლის თებერვალში 2014 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ჯანმრთელობის დაცვაზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თაბაქოზე და ტრანსპორტზე.
კერძოდ, ჯანდაცვის მიმართულებით ერთწლიან პერიოდში ფასები გაიზარდა 6.4 %-ით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფებზე 11.1%-ით, ამბოლატორიულ მომსახურებაზე 4.2%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 5.2%-ით.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1.9%-ით. ხილზე და ყურძენზე ფასი გაიზარდა 18.6%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.2%-ით. ხოლო ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები შემცირდა 6.1%-ით.
ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 8.1%-ით. თამბაქოს ნაწარმზე ფასები კი, – 10.6%-ით.
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები შემცირდა 7.8%-ით. ფასებმა იკლო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12.9%). თუმცა, ფასები გაიზარდა სატრანსრპორტო საშუალებების შეძენაზე (10.1%).
ამ პერიოდში ფასების ზრდა ასევე შეეხო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (1.9%); საცხოვრებელს, წყალს, ელ.ენერგიასა და აირს (1.3%); ავეჯს, საოჯახო ნივთებს, სახლის მოვლას (2.1%); დასვენებას, გართობას და კულტურუას (1.1%); განათლებას (2.4%); სასტუმროებს, კაფეებს და რესტორნებს (2.8%); სხვადასხვა საქონელს და მომსახურებას(2.4%). კლება კი აისახა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (5.4%) და კავშირგაბმულობას (0.4%).