ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქაქუთსა და ჭანიეთში (ერთ თემში შემავალი სოფლებია), გაურკვეველი სახეობის ნადირმა ნაზი მახარაძის, გურამ გაჩეჩილაძის (ორი სული) და გოდერძი ქავთარაძის ძროხები, ათი დღის მანძილზე, თანმიმდევრულად დაგლიჯა.
გასული წლის შემოდგომაზე, სერგო ბოიაჯანის ძროხა დათვმა დაგლიჯა, რის მხილველიც გახდა თვითონ პატრონი. თუმცა, ახლა მომხდარ ფაქტებს ვერავინ შეესწრო და ძროხები ან დაგლეჯილი ნახეს, ან დასახიჩრებული, რომელთა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გასულ წელს, დათვის გამოჩენისას, სოფლის გამგებელმა და რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჭანიეთში, მერაბ ბერაძე „გურია ნიუსთან“ ამბობს:
"გასულ წელს, როცა დათვმა არაერთი პირუტყვი დაგლიჯა, განცხადებით მივმართე ზემდგომს, მათ კი გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს. სოფელში ხალხიც გამოვიდა, ტყეები მოიარეს. მერე დათვი არ გამოჩენილა. ამ წლის თებერვალში მართლაც შემაშფოთებელი ფაქტები მოხდა, ოჯახის მარჩენალი ძროხები ზედიზედ დაგლიჯა ნადირმა. თუმცა, რა იყო ეს, მგელი, დათვი თუ დამშეული ტურების ხროვა, არავინ იცის. აუცილებლად მივმართავ განცხადებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რათა გარემოს დაცვის სამინისტროს შეატყობინონ, რომ ღონისძიება გატარდეს. ასევე გეტყვით, რომ სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ სურვილს, არსებობდეს პირუტყვის დაზღვევა. როგორც მე გავარკვიე, დღეისთვის ასეთი ნორმა არ არსებობს. განცხადებაში, რაღაც ფორმით, ამაზეც მივანიშნებ", _ გვითხრა ბერაძემ.