ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და "პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა ძიმისტარაშვილი განცხადებას ავრცელებს. ის საკრებულოს დეპუტატის ირინა საჯაიას გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"საინფორმაციო სააგენტო “გურია ნიუსზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთადერთმა წარმომადგენელმა დატოვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა დარჩა საკრებულოში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი; ე.ი "ნაცმოძრაობას“ არ ჰყავს საკრებულოში წარმომადგენელი, რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, ეს არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო ჩემი და სხვა ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების აქტიურობა. მართალია ირინე საჯაია გადაიბირა "ქართულმა ოცნებამ,“ რომელმაც იმის შიშით, რომ ჰყოლოდა მორჩილი უმრავლესობა, თუმცა როგორც იტყვიან ხოლმე ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამ ფაქტმა დაასრულა ნაც. მოძრაობის პარპაში ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში", _ ამბობს ძიმისტარაშვილი.
მისივე თქმით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 3 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ირინე საჯაია ტოვებდა საკრებულოს და მის ნაცვლად შემოდიოდა ოთარ რევიშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია.
“აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ქალბატონმა ზეწოლის შედეგად (როგორ "ქართული ოცნების“, ასევე "ნაციონალების“ მხრიდან) ორჯერ შეცვალა გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობა“ რჩება საკრებულოში წარმომადგენლის გარეშე ამ ძალამ განახორციელოს ისევ ზეწოლა ამ ქალბატონზე, აქედან გამომდინარე მივმართავ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ქალბატონ ირინა საჯაიას უფლებები, რადგანაც ეს სცილდება ყოველგვარ ნორმებს“, _ აცხადებს გოჩა ძიმისტარაშვილი.