2015 წლის 5 მარტს ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გაიხსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ერთობლივი პროექტი – ფოტო-გამოფენა ‘"50 ქალი საქართველოდან"’.
გამოფენაზე მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირთან და ნატოსთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე ევროკომისიის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპული საბჭოს, ევროპარლამენტის, ბელგიის მთავრობის, ვალონიის და ფლანდრიის სავაჭრო პალატების, კვლევითი ცენტრების და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბრიუსელში მოღვაწე ქართველი ხელოვანები და დიასპორის წევრები.
გამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ელჩმა ბრიუსელში ნატა საბანაძემ სიტყვით მიმართა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს, მისი ისტორიული კულტურის, ისტორიულად ევროპული ფასეულობებისადმი მისწრაფებისა და არსებული საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით ექსპოზიცია "50 ქალი საქართველოდან" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. გამოფენა ეძღვნება IX და XX საუკუნეების ქართველ და ევროპელ საზოგადო მოღვაწე ქალებს, რომლებმაც ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. გამოფენა 50 ფოტოსა და ბიოგრაფიულ მასალას აერთიანებს. ექსპოზიციას უკვე უმასპინძლეს საქართველოს საელჩოებმა გერმანიაში, სლოვაკეთსა და შვედეთში. ფოტოგამოფენა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაიმართება.