ლარის კურსის თემა აქტუალობას არ კარგავს. გასულ კვირაში ლარი გამყარების მიმართულებით მიდიოდა, რამაც პოზიტიური მოლოდინები გააღვივა. თუმცა, კვირის ბოლო 2 ვაჭრობა ლარისთვის კვლავ არასახარბიელო აღმოჩნდა და 2.10 ნიშნულამდე გამყარებული ლარი, 2.17-მდე დაეცა.
ამდენად, გასული კვირა, მისი წინამორბედების მსგავსად კვლავ ლარის კურსის მკვეთრი ცვლილებებით ხასიათდებოდა. კურსის მსგავსი ცვალებადობის გამო სულ უფრო ხშირად მიდის საუბრები აჟიოტაჟზე და სპეკულაციურ ფაქტორებზე. ამ უკანასკნელის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბაში” ამახვილებენ ყურადღებას და ორგანიზაცია ლარის კურსის დადგენის მანკიერ მხარეზე საუბრობს.
ლარის კურსის განსაზღვრის წესი ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის N 6 დადგენილებით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით გაიანგარიშება. სწორედ ამ მექანიზმს მიიჩნევენ არამართებულად “აფბაში”.
“ლარის კურსის ბოლოდროინდელი მკვეთრი ცვლილებები ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან, არამედ სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებთან. სპეკულაციის რისკი არსებობს იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას ლარის კურსის განსაზღვრის წესი იძლევა. მოგეხსენებათ, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გაიანგარიშება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების შედეგად. აღნიშნული ბაზარი ძალიან მცირე მოცულობისაა და ამასთანავე, ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ამინდს 4-5 ბანკი ქმნის, რის გამოც ბაზარზე არაფორმალური გავლენების მოხდენის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს ვარაუდი კარგად ჩანს ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებშიც, როდესაც ლარი რამდენიმე დღიან შუალედში ხან მკვეთრად ეცემა და ხან მკვეთრად მყარდება. დღეს გვაქვს რეალობა, რომლიც მიხედვითაც ბანკების გარიგებების მიხედვით გაანგარიშებული კურსი არის ერთგვარი მდგენელი მთელი დანარჩენი ეკონომიკისთვის, არადა, ყოველწლიურად სავალუტო ბაზარზე 10 მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო გარიგებები დგება, თუმცა ლარის კურსი მხოლოდ ბანკთაშორის სავალუტო ბაზრის გარიგებების მიხედვით დგება, რომელიც წლიურად 1 მილიარდ დოლარს არ აღემატება”, _ აცხადებს “აფბას” პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.
მართლაც, ეროვნული ბანკის იანვრის თვის ანგარიშის მიხედვით 2014 წელს ბანკთაშორის ბაზარზე დადებულმა გარიგებებმა, ეროვნული ბანკის ინტერვენციების ჩათვლით 904 მილიონი დოლარი შეადგინა. ანუ ლარის კურსის განსაზღვრა სწორედ ამ მოცულობის გარიგებებით მოხდა, თვეების მიხედვით გარიგებების მოცულობები ასახულია დიაგრამა ზე.
თუ გადავხედავთ მთლიანად სავალუტო ბაზარზე დოლარით განხორციელებულ ოპერაციებს, ბანკთაშორისი გარიგებები მასთან შედარებით მიზერულია. მაგალითად, სავალუტო ბაზარზე კომერციული ბანკების მიერ შესყიდული დოლარის მოცულობამ 13,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, გაყიდულმა კი 13,6 მილიარდი დოლარი. ბანკთაშორის ბაზარზე დადებული გარიგებები ამ მოცულობის 7%-ს არ აღემატება. სავალუტო ბაზარზე დოლარით განხორციელებული ყიდვის და გაყიდვის ოპერაციების მოცულობა ასახულია დიაგრამაზე.
თუ რატომ არის რისკის მატარებელი ლარის კურსის ბანკთაშორის ბაზარზე დადგენა, ამის შესახებ “აფბას” პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე შემდეგ კომენტარს აკეთებს:
“ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ლარის კურსს განსაზღვრავს არა ბაზარი და ეკონომიკა, არამედ მხოლოდ ბანკები, თანაც მცირე მოცულობის გარიგებებით. ბანკები ერთმანეთში თვეში საშუალოდ 75 მილიონი დოლარით ვაჭრობენ, ამ ვაჭრობების შედეგად დგინდება ლარის კურსი და ამ კურსით შემდგომ ყოველთვიურად მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო გარიგებები დგება. ხშირად ხდება არგუმენტად იმის მოყვანა, რომ ბანკები სავალუტო ბაზარზე კლიენტების მოთხოვნებს “ახმოვანებენ” და შესაბამისად უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდება განისაზღვრება ეკონომიკური აგენტების მოთხოვნილების მიხედვით, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ლარის “ფასი” დგინდება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე, რომელზეც მთლიანი სავალუტო ბაზრის გარიგებების მეათედზე ნაკლები მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის მთლიანი ბრუნვის 70%-მდე მხოლოდ 5 ბანკზე მოდის, მაღალია იმის რისკი, რომ ადგილი ჰქონდეს სპეკულაციურ გარიგებებს. ბანკებს ხელში აქვთ ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ყოვეწლიურად მილიარდამდე დოლარის გარიგებებით “შექმნან” ლარის გაცვლითი კურსი და შემდგომ ამ კურსით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ჯამში 7 მილიარდამდე დოლარი გაყიდონ. ეს სრულიად ასიმეტრიული სისტემაა და ჩემი აზრით, ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი არ არის უცხოურ ვალუტაზე ეკონომიკის მოთხოვნა-მიწოდების ანარეკლი”, – აცხადებს ჭიჭინაძე.
მისი აზრით, იმისათვის, რომ არსებობდეს კურსის განსაზღვრის რეალური საბაზრო მექანიზმი და არა სპეკულაციური სივრცე, საჭიროა ბაზრის გაფართოება, უფრო ზუსტად კი ლარის კურსის გაანგარიშებაში შემავალი გარიგებების წრის გაფართოება.
“2014 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, გარდა ამისა, არის სხვა უამრავი ეკონომიკური გარიგებები, რომელიც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდებას უკავშირდება, სწორედ ამ ბევრ ეკონომიკურ აგენტს შორის პირდაპირი გარიგებები უზრუნველყოფს საბაზრო, კონკურენტულ გარემოში ვალუტის კურსის ფორმირებას. ეს ხელს შეუწყობს ჰეჯირების, როგორც სავალუტო რისკებისგან დაზღვევის სისტემის განვითარებასაც. რომ შევაჯამო, რაც უფრო მეტი გარიგების “ნაყოფი” იქნება ლარის გაცვლითი კურსი, მით უფრო დაბალი იქნება სპეკულაციის რისკი და ლარიც უფრო მეტად იქნება დამოკიდებულ ეკონომიკურ და ფუნდამენტურ ფაქტორებზე”, – განმარტავს “აფბას” პრეზიდენტი.