საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისს 23 თებერვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა. მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შეფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის გზების ძიება. ფონდმა საქართველოს რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა.
საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების დაძლევას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარებისა თუ კრედიტის შედეგად შეძლებდა. დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ფონდის მისია ადგილზე შექმნილი ვითარების გასაცნობად საქართველოს ესტუმრა. ვიზიტის დასასრულს მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა პრესკონფერენცია გამართა. მისი დიპლომატიური განცხადებებიდან ძნელი გასაგები ხდება, რომ ჯერჯერობით ფინანსური დახმარების ახალი პროგრამა არ დაიწყება. სანაცვლოდ, სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური პრობლემების საკუთარი ანალიზი და რეკომენდაციები შესთავაზა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია, – ამის შესახებ მარკ გრიფითსმა განაცხადა.
"საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერი გარე შოკების რამდენიმე ფაქტორის კომბინაციამ იქონია გავლენა. მათ შორისაა რუსეთ-უკრაინის კრიზისი, რუსეთში რეცესიის გაღრმავება (ორივე ერთად ტალღისებურ ეფექტს იწვევდა რეგიონში) და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია. ამ შოკების გამო საქართველოს ექსპორტი 30 პროცენტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით, ხოლო უცხოეთში მომუშავე ქართველების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები – 25 პროცენტით. ყოველივე ამის შედეგად ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. იანვარში გამოშვება მხოლოდ 0.5 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2 პროცენტს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტადაა შენელებული და მათი ვალუტების გაუფასურება აზიანებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას", – განაცხადა მარკ გრიფითსმა.
მისივე თქმით, ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან შემოსავლების კლების გამო, გაზრდილია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2014 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 9.5 პროცენტია. "უცხოური ვალუტით შემოსავლების შემცირების გამო 2014 წლის იანვრიდან ლარი 20 პროცენტზე მეტით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი დიდია, ბევრ სხვა ქვეყანაშიც მსგავსი სიტუაციაა დოლარის გამყარების გამო. მართლაც, რეგიონში ბევრი ვალუტა ლარზე მეტად გაუფასურდა. შექმნილი ვითარებიდან აშკარაა, რომ აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებული ლარი ხარჯებს უზრდის მათ, ვისაც კრედიტები აქვთ უცხოური ვალუტით. ეს კი ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. ვალუტის კურსის გაუფასურების გამო მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, ინფლაცია გარკვეულწილად გაიზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის 5-პროცენტიანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიმართულებით. თუმცა, ინფლაციის ამგვარი ზრდა დაბალი ნიშნულიდან დაიწყება, რადგან თებერვალში ინფლაცია მხოლოდ 1.3 პროცენტი იყო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ნავთობზე ფასებმა იკლო. იმპორტული პროდუქციის დაბალი საწყისი ღირებულება ასევე შეაკავებს ინფლაციის მაჩვენებელს", – განაცხადა გრიფითსმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას.
როგორც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა განაცხადა, აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს. თუმცა, მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალურად შეჭირვებულთა და უპოვართა დაცვის მიზნით.
ასევე, საინტერესოა, რომ სავალუტო ფონდის მისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც გულისხმობს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისგან თავის შეკავებას და ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას.
"საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია მცურავი გაცვლითი კურსის არსებობაზე. ამასთანავე, სწორედ მცურავი გაცვლითი კურსი უზრუნველყოფს გარე შოკების ნეგატიური გავლენის შერბილებას. გრძელვადიანი შოკების შესაკავებლად განხორციელებული ინტერვენციები მხოლოდ საქართველოს სავალუტო რეზერვებს შეამცირებს და შეანელებს ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის კლებას", – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.