2014 წელს 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოურო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35 პროცენტით – ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა.
პირდაპირი ინვესტორი საქართველოში შემდეგი ქვეყნები არიან: ნიდერლანდები – 331 მილიონი აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 302 მლნ, ჩინეთი – 195 მლნ, გაერთიანებული სამეფო – 114 მლნ, ლუქსემბურგი – 85 მლნ, აშშ – 80 მლნ, თურქეთი – 67 მლნ, რუსეთი – 66 მლნ და დანარჩენი ქვეყნები – 32 მლნ.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წელს 64 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 343 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 295 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობა 174 მლნ. აშშ დოლარით.
ასევე წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის IV კვარტალში 349 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებს 61 პროცენტით, ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს 54 პროცენტით აღემატება.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს აზერბაიჯანმა (84 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდებმა (67 მლნ) და გაერთიანებულმა სამეფომ (66 მლნ).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წლის IV კვარტალში 73 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 90 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 87 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – საფინანსო სექტორი 78 მლნ. აშშ დოლარით.