2000 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები _ რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები იყო საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდეგ.
საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა ექნებოდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა: ედუარდ შევარდნაძემ, ჯუმბერ პატიაშვილმა ქართლოს ღარიბაშვილმა, ავთანდილ ჯოგლიძემ, ვაჟა ჟღენტმა და თენგიზ ასანიძემ.
წინასაარჩევნო პერიოდი ხმაურის გარეშე მიმდინარეობდა."გურია ნიუსის" 2000 წლის არქივმა ბევრი საინტერესო ფურცელი შემოინახა _ მინისტრების გახშირებული სტუმრობები, დაპირებები, საზოგადოების განწყობა.
2000 წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვაში ამომრჩეველთა უმრავლესობა აანონსებდა, რომ არჩევნებს მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მოიგებდა.
ასე არ ფიქრობდნენ კომუნისტები, რომლებიც ჯუმბერ პატიაშვილს უჭერდნენ მხარს და მოსახლეობაში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიასაც ატარებდნენ _ სოფელ ბუკისციხეში საარჩევნო კამპანია კომუნისტებმა ლამპის შუქის ფონზეც კი ჩაატარეს.
არჩევებამდე 5 დღით ადრე გურიას პირადად შევარდნაძე ეწვია. ოზურგეთში ჩატარებულ შეხვედრას მედია არ დაასწრეს _ თეატრში, სადაც შეხვედრა იმართებოდა, შესვლა მკაცრად ლიმიტირებული იყო. რაიონის გამგეობას 25-კაციან სიაში, "გურია ნიუსის" სიაში შეყვანა დაავიწყდათ. შესაბამისად, უცნობი დარჩა, რა დაპირება მისცა შევარდნაძემ ოზურგეთში შეკრებილ საზოგადოებას.
სამაგიეროდ, ჩოხატაურში ჩამოსულ შევარდნაძესთან "გურია ნიუსმა" ინტერვიუ ჩაწერა.
ამ ინტერვიუში შევარდნაძემ ჩოხატაურელებს სიყვარული აუხსნა და ყველაფრის გამოსწორების, უკეთესი ცხოვრების პირობაც დადო. იგივე პირობა მისცა ჩოხატაურიდან ლანჩხუთში წასულმა, საკუთარ სოფელში მამათში შეკრებილ მოსახლეობას.
დაპირებების უხვად დარიგებამ გაამართლა _ ედუარდ შევარდნაძემ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. აღსანიშნავია, რომ გურიაში მას ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა _ ჩოხატაურში შევარდნაძეს ამომრჩეველთა თითქმის 98-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. 99 პროცენტი ენდო ლანჩხუთში, შედარებით დაბალი _ 96-პროცენტიანი მხარდაჭერა კი მან ოზურგეთში მოიპოვა.