თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გაზეთ „Prime Time“-ში გამოაქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ თბილისის მერიამ ბრაილის შრიფტით გაზეთის ბეჭდვის დაფინანსებაზე უარი თქვა და ამ ნაბიჯით დაამტკიცა, რომ არ არის ორიენტირებული შშმ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.
"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბრაილის შრიფტით გაზეთის ბეჭდვის დაფინანსებაზე უარი 2014 წლის ივლისშია გაცემული, შესაბამისად, ახალი მთავრობისთვის პროექტის შეჩერების გადაბრალება მინიმუმ არაკორექტულია.
მსგავსი პროექტის დაფინანსება შესაძლებელია არა მერიის სარეზერვო ფონდიდან, როგორც ეს ძველი მთავრობის პერიოდში ხდებოდა, არამედ ტენდერის საშუალებით, რისი ჩატარებაც ერთი რომელიმე კერძო კომპანიის პროდუქტის საწარმოებლად იურიდიულად არასწორია. ამისთვის მედია საშუალებას შეუძლია, გაზეთის ბრაილის შრიფტით გამოსაცემად საერთაშორისო ფონდებს მიმართოს.
გარდა ამისა, ავტორის ყურადღება გვინდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ უსინათლოები არა უნარშეზღუდული, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან და საპასუხოდ განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის მერმა თავის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად შშმ პირთა უფლებებზე ზრუნვა გამოაცხადა, რაც 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას დამტკიცდა კიდეც.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებით 5 პროგრამას ახორციელებს, მათ შორის, სამი ახალია და 2015 წლიდან დაიწყო. კერძოდ, ფინანსდება:
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამა;
• სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამა;
• სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა დახმარების პროგრამა;
• სმენის არმქონეთა თარჯიმან-დაქტილოლოგების მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა;
• შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა.
აპრილიდან კი, უსინათლო პირთა პერსონალური ასისტენტის (გამცილებლის) ქვეპროგრამა ამოქმედდება, რაც მათი მობილურობისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისკენ გადადგმული ნაბიჯია;
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ უსინათლოთა თემს თბილისის მერთან არსებულ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება. ასევე, საბჭოს ფარგლებში შეიქმნება თემატური ჯგუფი, რომელიც უსინათლოთა წინაშე მდგარ პრობლემებს დედაქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე პირდაპირ დასვამს.
გაზეთის ავტორს შევახსენებთ, რომ გაერო-ს რეკომენდაციით, შშმ პირთა სახელით საუბრის უფლება მხოლოდ მათი თემის წარმომადგელს აქვს. კარგი იქნება, თუ მომავალში აღნიშნული განცხადებები უსინათლოთა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეთანხმდება."