21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის ფარგლებში იმოქმედონ. სამართალდამცველები კანონდარღვევის ყველა ფაქტზე რეაგირებას ოპერატიულად მოახდენენ და ყველა სამართალდამრღვევი პირი, კანონის შესაბამისად, დაისჯება.
საქართველოს ხელისუფლება იცავს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია 21 მარტს დაგეგმილი აქციის მიმდინარეობისას წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად.
საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად გაწერს შეკრების და მანიფესტაციის წესებს.
კანონის თანახმად, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
• შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს;
• ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა;
• ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა;
• განზრახ დაბრკოლებების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
• შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება;
• ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღის ქონა;
• ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
• ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერებების ქონა;
• ალკოჰოლური სასმელების ქონა.
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები ვალდებული არიან:
• დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი;
• კანონის მოთხოვნათა დარღვევისას, მის აღმოსაფხვრელად მოუწოდონ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას;
• ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს.
სამართალდამცველთა უფლება-მოვალეობები:
• პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება;
• სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს;
• თუ ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილებს და არ მიმართა ყველა გონივრულ ქმედებას, ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილი არიან დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად მიმართონ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved