ფილოლოგი მარინე ბერიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე საინტერესო მხატვრულ პოსტს აქვეყნებს.
"გუშინ ტაქსით მომიხდა მგზავრობა. ვეფხის და მოყმის ძეგლთან, მათხოვრების ცნობილ პოსტთან შეჩერდა მოძრაობა. ხოდა მოდის ქალბატონი ჩემს მძღოლთან (მათხოვარი ცუდი სიტყვაა ხომ? ვერ ვიხსენებ ახლა რამე ევფემიზმს), ხელი არ აქვს გამოშვერილი. კარგი (ნუ, ჩემსას რო ბევრად ჯობია, ისეთი) მობილური ტელეფონი უჭირავს, არაჩვეულებრივად ცოცხალ თვალებს პირდაპირ სალონში აბრდღვიალებს და “ჩემს” მძღოლს ეკითხება: ლაი-ლაის კრედიტი რო ავიღო, რა ნომერზე დავრეკო? ჩვენ არ ვიცოდით…
აი, ძნელი გამოსათქმელია რა მოხდა… ქალი, როგორც სცენიდან, გამოვიდა “კულისებში”, თითქოს ჰაერი ჩაისუნთქა, სახის კუნთები გაშალა, სხეული წამიერად ბუნებრივ სივრცეში განალაგა… და მერე აი ასე, ჩვენ თვალწინვე შეაბიჯა ისევ სცენაზე…
ტანჯული გრიმასით, არასიმეტრიულად განწყობილი ნაკვთებით, ჩამოყრილი მხრებით, ღრმად ჩაბჟუტული თვალების ნათებით…
და მივხვდი, შუქნიშანის წითელ-მწვანე დიაპაზონში წამიერად როგორ გავხდით მე და “ჩემი” მძღოლი “წარსულის” მკვიდრნი, ჩვენ თვალწინ ყვითლად მწიფდებოდა იმ ქალის ახალი აწმყო, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მწვანედ გარდასახული, მომავალში ნამდვილი წასვლის ნებას დაგვრთავდა და ისევ ავმოძრავდებოდით ნამდვილი მდინარის მიმართულებით…
მაგარი იყო! და სულ დამავიწყდა. ახლაღა გამახსენდა… ტაიმლაინზე…”