ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "იმედის კვირაში" ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კორპორაციული საღამოსთვის 45 000 ლარი გადაიხადა.
"ტყიბულში შიმშილისგან გარდაიცვალა ბავშვი, რომლის დაკრძალვის ხარჯები არ ჰქონდა ოჯახს. ამ დროს ეკონომიკის სამინისტრომ, დაქცეული ეკონომიკის ქვეყანაში ატარებს კორპორაციულ ქეიფს, რომელშიც ხარჯავს 45 000 ლარს. ეს ხდება მაშინ, როდესაც "ქამრების შემოჭერის" შესახებ ითქვა. აი ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ახალი ინფორმაცია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს", – თქვა გიორგი გუგავამ.
დაიხარჯა თუ არა კორპორაციულ საღამოზე 45 000 ლარი ამ კითხვით მივმართეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ჯანელიძეს, რომელიც ოზურგეთში იმყოფებოდა.
"ამის შესახებ სამინისტროს პიარმა გაავრცელა ინფორმაცია და მე ვერაფერს დავამატებ. ეს არის ჩემი პასუხი," – გვითხრა ჯანელიძემ.
იმყოფებოდა თუ არა თავად ჯანელიძე 45 000 ლარიან კორპორაციულ საღამოზე, მან არც ამ კითხვაზე გვიპასუხა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გიორგი გუგავას მიერ გავრცელებულ განცხადებას გადაცემაში გამოეხმაურა და ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
"გურია ნიუსი" სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"გიორგი გუგავას გაკეთებულ განცხადება იმის შესახებ, თითქოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კორპორატიული საღამოსთვის 45 000 ლარი გადაიხადა, სრული სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში სამინისტროს არცერთი კორპორატიული საღამო არ გაუმართვას.
რაც შეეხება დასახელებულ თანხას, ის მართლაც დაიხარჯა რამდენიმე ღონისძიებაზე – მაღალი რანგის სტუმრების მიღების ფარგლებში. კონკრეტულად: ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესსაბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თბილისში, რესტორან "ფუნიკულიორში" გაიმართა სამუშაო სადილი 50 ბიზნესმენისთვის.
კიდევ ერთი ღონისძიება, რომლისთვისაც გარკვეული თანხა დაიხარჯა, იყო საქართველო-აზერბაიჯანი -თურქეთის ერთობლივი ბიზნესფორუმი. ღონისძიება ბათუმში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები, სხვა მაღალი რანგის სტუმრები და ასევე 300-ზე მეტი ბიზნესმენი სამივე ქვეყნიდან. სტუმრების მიღება გაიმართა სასტუმრო "შერატონში". ვფიქრობთ, ასეთი მაღალი რანგის სტუმრების, მათ შორის ინვესტორების ღირსეულად დახვედრა, რაც პროტოკოლით არის კიდეც გათვალისწინებული, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საკითხია."