FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 17-დან 24 მარტამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.
ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის განცხადებას ეხებოდა. ხაჩიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გადასახადები იკლებდა, პენსიები და ხელფასები კი იზრდებოდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პირველ 6 წელიწადში (2004-2009) გადასახადების ტვირთი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2010 წელს კი გაიზარდა აქციზის გადასახადი, ამავდროულად, სხვა გადასახადები აღარ შემცირებულა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, გადასახადების შემცირება აღარ მომხდარა.
წინა ხელიუსფლების პირობებში ასევე ყოველწლიურად იზრდებოდა როგორც სახელმწიფო, ისე სხვა სექტორებში დასაქმებულთა ხელფასის ოდენობაც. რაც შეეხება პენსიებს, ამ შემთხვევაშიც, 2010 წლის გარდა, ყოველწლიური ზრდა ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ პენსია გაიზარდა 2013 წელსაც. შემდგომი ზრდა კი 2015 წლის სექტემბრიდანაა დაგეგმილი.
ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ გოგა ხაჩიძის განცხადება მეტწილად სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებაც გადაამოწმა. წულუკიანის თქმით, ახალი სავიზო რეგულაციების დამსახურებაა, რომ ევროკავშირმა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებულად შეაფასა.
იუსტიციის მინისტრმა ეს განცხადება ბიძინა ივანისშვილის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა. ყოფილი პრემიერი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან ახალი სავიზო რეგულაციები გაუაზრებლად იქნა დადგენილი.
2014 წლის 1 სექტემბრიდან “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ” ახალი კანონი ამოქმედდა, რომელმაც უცხოელთა საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 180 დღიან პერიოდში 90 დღემდე შეამცირა, შეცვალა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი მოქმედებდა. ახალმა კანონმა შეცვალა საქართველოს ვიზის აღების წესიც და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა გაართულა.
იუსიტიციის მინისტრის განცხადების კონტექსტი იმას გულისხმობდა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის ამ ფორმით გამკაცრება ევროკავშირის მოთხოვნას წარმოადგენდა. ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ანალიზიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, შემცირებული ვადების ან ვიზის აღების წესების ცვლილება ევროკავშირის მოთხოვნას არ წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, მნიშვნელოვანი ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები სახელმწიფოს პოლიტიკურ დისკრეციას უკავშირდება, ევროკავშირს ზუსტი და დეტალური მოთხოვნები არ განუსაზღვრავს. ფართო დისკრეციის ფარგლებში საქართველოს ისეთი გზა შეეძლო აერჩია, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებდა და ტურისტების შემოსვლას არ შეაფერხებდა.
შესაბამისად, თეა წულუკიანის მიერ, სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მეტწილად მცდარია.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც გადაამოწმა. სააკაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ “…საქართველოში რუსული არხები ჩართეს”.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსული საინფორმაციო არხების ტრანსლირება მართლაც შეწყვეტილი იყო. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალური საკანონმდებლო ნორმით არ გამყარებულა, თუმცა ცალსახაა, რომ ეს ნაბიჯი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკას მოჰყვა. 2012 წლის ნოემბრიდან კი, ქართულ სივრცეში რუსული ტელეარხები კვლავ აქტიურად გამოჩნდნენ.
ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება სიმართლეა.
სააკაშვილის კიდევ ერთი განცხადება ტურიზმს ეხებოდა. მისი თქმით, “2012 წელს ტურიზმის 57%-იანი ზრდა იყო და წელს 7%-ით ეცემა”.
2012 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების პროცენტულმა ზრდამ 36% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა 7.5%-ით შემცირდა. მიხეილ სააკაშვილი მართალია, როდესაც 2015 წლის დასაწყისში ტურისტთა რაოდენობის 7%-იან შემცირებაზე საუბრობს. რაც შეეხება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს, აქ ჩვენ 57%-ით მთლიანად ვიზიტორთა, მათ შორის ტურისტების რიცხვის ზრდასთან გვაქვს საქმე.
სავიზო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა იმ ქვეყნიდან, რომელთანაც სავიზო რეჟიმი დაწესდა, ვიზიტორთა ნაკადი შემცირდა. საერთო ჯამში, დაწესებულმა რეგულაციებმა დაახლოებით 1.6%-მდე შეამცირა ვიზიტორთა რაოდენობა. 3%-ით შემცირდა ვიზიტორთა შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა. როგორც ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, სავიზო რეგულაციები ტურიზმის შემცირების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდა.
ფაქტ-მეტრმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება მეწტილად სიმართლედ შეაფასა.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებას ეხებოდა. ხადურის თქმით, ლარის გაუფასურების გამო ქვეყნის სახელმწიფო ვალი გაიზარდა.
საქართველოს სახელმწიფო ვალის 74% საგარეო ვალია, ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება ვალის მოცულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
2015 წლის 28 თებერვლისთვის სახელმწიფო საგარეო ვალი 4 072 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე (4 194 მლნ აშშ დოლარი) ნაკლებია. ამავე დროს, მოცემულ პერიოდში, ლარზე გადაანგარიშების შემთხვევაში, სახელმწიფო საგარეო ვალი 1 481 მლნ ლარითაა გაზრდილი (7 338-დან 8 819 მლნ ლარამდე). შესაბამისად, ვალის მომსახურების ტვირთი გაიზარდა, რაც 2015 წლის შეცვლილ ბიუჯეტშიც უნდა აისახოს. 2015 წელს საგარეო ვალის მომსახურება (ძირ თანხას დამატებული პროცენტი) ლარის კურსის გაუფასურების გამო დაახლოებით 140 მილიონი ლარით გაიზრდება.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ნოდარ ხადურის განცხადება სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებაც გადაამოწმა. ხიდაშელის თქმით, “ეუთოს დასკვნაში არსად წერია, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია…”.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) მონიტორინგის ანგარიშში, საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად, საქართველოს სასამართლო სისტემაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებაა საუბარი. კერძოდ, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგმა რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა, რამაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპი შელახა.
მართალია, ეუთოს ანგარიშში ტერმინი “შერჩევითი სამართალი” გამოყენებული არ არის, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვი არაერთხელაა გამოთქმული. ფაქტ-მეტრი იზიარებს თინა ხიდაშელის მოსაზრებას, რომ ეს შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორებით აიხნას. მაგალითად, სასამართლოს არაპროფესიონალიზმით, კორუმპირებულობით, საზოგადოებაში გაბატონებული განწყობის გავლენით, ხელისუფლებაზე დამოკიდებულებისადმი მიდრეკილებით, მათ შორის ასევე პოლიტიკური გავლენით (შერჩევითი სამართალი) და სხვ. თუმცა, ეუთოს დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ოფიციალური პირები უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს ხშირად არღვევდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა სასამართლოს განაჩენებს წინ გაუსწრეს, რამაც დამნაშავის ბრალეულად წარმოჩენას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ამ პროცესებზე დაფიქსირდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოსამართლეთა შეცვლის სრულიად გაუმჭვირვალე ფაქტები, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ან დასაბუთების გარეშე უარი განაცხადეს წინასწარი პატიმრობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ თინა ხიდაშელის განცხადება ნახევრად სიმართლეა.