ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2014 წლის ანგარიში და სამოქმედო რეკომენდაციები წარმოადგინა.
იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ღრმა და მდგრადი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დამკვიდრების გზაზე:
"2014 წლის ივნისსა და ივლისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ზოგადად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. უკეთესი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. გაუმჯობესება შეინიშნება ციხეების სისტემაში და ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით. მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი.
შესამჩნევი პროგრესი იქნა მიღწეული სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ წინსვლა შეინიშნება, მაგრამ ეს საკითხი კვლავ რჩება მგრძნობიარედ. საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვსაუბრობთ 2014 წელზე, რაც შეეხება 2015 წელს განვითარებულ მოვლენებს, პროგრესი გაგრძელებულია მთელ რიგ სფეროებში და ის აისახება 2016 წლის ანგარიშში", _აღნიშნა ჰერმანმა.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მიუხედავად პროგრესისა, კვლავ რჩება პრობლემები. მისი თქმით, უმცირესობათა უფლებების საკითხი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას არამყარი ხასიათი აქვს. კლიმატის ცვლილებების თვალსაზრისით კიდევ არ არსებობს სრულყოფილი პოლიტიკა, თუმცა ევროკავშირის ელჩი გარემოს დაცვით სფეროში მნიშვნელოვან წინსვლად საქართველოს პარლამენტის მიერ "მყარი ნარჩენების მართვის შესახებ" კანონის 2015 წლის იანვარში მიღებას მიიჩნევს.
2014 წლის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებისას ევროკავშირს საქართველოსთვის აქვს რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინება მომავლში, ევროკავშირის ელჩის თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
"ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მკაცრი გამიჯვნა უნდა მოხდეს. სისტემის დაბალანსების გაძლიერებაა მნიშვნელოვანი. პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებაა აუცილებელი. პოლიტიკური დემოკრატია რომ განმტკიცდეს საქართველოში, ხელისუფლება უნდა ერიდოს სამაგიეროს გადახდას პოლიტიკური ნიშნით. საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება 2016 წლის არჩევნებისთვის უნდა მოესწროს. სასამართლო სისტემაში უნდა გაგრძელდეს რეფორმები. ვადასტურებთ ამ სფეროში პროგრესს, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს, უფრო მეტად დამოუკიდებელი რომ გახდეს სასამართლო. სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკისგან დამოუკიდებლად უნდა იქნას განხილული. წინასწარი დაკავება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს", _ აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერეს, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესაც მოიცავს. ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება საქართველომ 2014 წლის 18 ივლისს მოახდინა. 2014 წლის 1 სექტემბრიდან ასოცირების შესახებ შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე წინასწარ ამოქმედდა.