ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნათია შარაშენიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქ ოზურგეთში ყოფილ საავადმყოფოში შესახლებული უსახლკარო ოჯახების მდგომარეობა უმძიმესია.
შარაძენიძეს მიაჩნია, რომ საავადმყოფოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფლებები ირღვევა. ის სახალხო დამცველს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნული ოჯახების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"ქ.ოზურგეთის რაიცენტრალურ საავადმყოფოში მყოფ უსახლკაროებს ვესტუმრე, ნანახით შოკირებული ვარ, ჩემს აღშფოთებას იწვევს ქალაქ ოზურგეთის მერისა და გამგებლის მიდგომა უსახლკაროების მიმართ, რომლებმაც ბოლო შეხვედრისას მათ განუცხადეს რომ ოთახები უნდა დაცალონ და გვერდით შენობაში გადავიდნენ, გვერდით შენობაში კი სუფევს საშინელი ანტისანიტარია, დანგრეული, უფანჯრო ოთახები, სავსეა ნაგვით, არ არის დენი, გაზი, წყალი.
ოთახები-მეთქი ვამბობ, მაგრამ ამ ოთახებში ცხოვრების ელემენტარული პირობები არ არსებობს და სწორედ აქ უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად, მათი უმრავლესობა ქალია, არიან მარტოხელა დედები (ძირითადად ყველა სოციალურად დაუცველია) რომლებსაც ჰყავთ ერთი ან ორი მცირეწლოვანი შვილი და არასრულწლოვანი მოზარდები, სწორედ ასეთ პირობებში აიძულებენ გადასვლას ამ ადამიანებს, ადგილობრივ ხელისუფალს, კი მიზერული თანხის დახარჯვა არ სურს მათთვის, ეს მაშინ როცა ხელისუფლება ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობს და პრემია/დანამატებს იღებს მითუმეტეს, რომ არსებობს დასუფთავების სამსახური, რომელიც დაუსუფთავებდა უსახლკაროებს ოთახებს, არ მერს და არც გამგებელს არ შეუთავაზებია მათთვის, რომ დაუსუფთავებდა მაინც ოთახებს, ფანჯრებს ჩაუსვამდა და შემდეგ მოსთხოვდა გადასვლას, ვთვლი, რომ უბრალოდ გასწირეს ეს ადამიანები და დღეს უკვე არასრულწლოვანი ბავშვები, ქალები, მოხუცები ასუფთავებენ ნაგვით სავსე ოთახებს, არსებობს დიდი რისკი, რომ ეს ბავშვები დაავადდებიან ინფექციური დაავადებებით, ეს ადამიანები ახლაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო უარეს პირობებში გადასვლას აიძულებს, რადგან არ არიან თანამდებობის პირების ოჯახის წევრები ადამიანებად არც თვლიან მათ ადამიანებად, თორემ როგორ უნდა გაბედო და როგორ უნდა უთხრა ქალს, დედას, ადამიანს. გადავიდეს და გადაიყვანოს შვილები გაყინული ნაგვით სავსე ოთახში.
ამ ხელისუფლებას ხალხი მხოლოდ ურნაში ჩაყრილი ბიულეტენი ჰგონია არჩევნებიდან არჩევნებამდე. ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირღვევა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფლებები, ირღვევა ბავშვთა უფლებები, აქედან გამომდინარე მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ ქ.ოზურგეთის რაიცენტრალურ საავადმყოფოში შესახლებული უსახლკაროების საკითხით, შეისწავლონ და სათანადო რეაგირება მოახდინონ“_აღნიშნავს შარაშენიძე.