სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, როგორც მისი 2014 წლის 27 ნოემბერს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, შონიას "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშებზე 25 949.91 ლარი და 1 238.00 დოლარი ერიცხება.
მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლის სახით, მიღებული აქვს 90 108.00 ლარი. ხოლო, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობისთვის, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 1 743.18 ლარი.
სამსახურებრივი – პოლიციის დღესთან დაკავშირებით საჩუქრად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ლევან შონიამ საჩუქრის სახით, 2 500.00 ლარის ღირებულების იარაღი -ფისტოლეტი გლოკ-21 აქვს მიღებული.
დეკლარაციის თანახმად, სხვა სახის ქონებას სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი არ ფლობს.
120.00 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში და 1 000.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში – მიმდინარე წლის 26 იანვარს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ასეთია კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის უძრავი ქონება.
ასევე, მისი მეუღლის საკუთრებაშია, 17.00 კვ. მ ფართობის ბინა ვარკეთილში.
კახეთის გუბერნატორის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა mercedes benz. დეკლრაციის შევსების მომენტში, მის სახელფასო ანგარიშზე 0 ლარი ირიცხებოდა. თუმცა, ნაღდი ფულის სახით, შიოლაშვილს 12 800.00 ლარი აქვს, ხოლო მის მეუღლეს 4 500.00.
აღნიშნულ პოსტზე სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მას მიღებული აქვს 64 900.00 ლარი.
მის მეუღლეს, თამარ შაფათავას კი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საბიუჯეტო დეპარტ. ტერიტორიული ერთეულების სამმართველოს სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 12 066.00 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილს, მას დეკლარაცია მიმდინარე წლის 17 თებერვალს აქვს შევსებული. დეკლარაციის თანახმად, ის 59.74 კვ.მ ფართობის მქონე ბინის მფლობელია ზესტაფონში. ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა BMW X5. მიმდინარე ანგარიშებზე კი 35.00 და 28.00 ლარი ერიცხება.
მას სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მიღებული აქვს 64 900.00 ლარი.
რაც შეეხება საბანკო ვალდებულებებს, გუბერნატორს, "ქართუ ბანკში" ავტოსესხის სახით, გამოტანილი აქვს 9 400.00 დოლარი (გასავალი 1 980.00 დოლარი); ამავე ბანკში სამომხმარებლო სესხი 4 700.00 დოლარი (გასავალი 1 308.00 დოლარი); კორ სტანდარტ ბანკში ასევე სამომხმარებლო სესხი 25 000.00 ლარი (გასავალი 2 010.00 ლარი); აქვს საქართველოს ბანკის 4 000.00 ლარიანი საკრედიტო ბარათი (გასავალი 5 700.00 ლარი) და ამავე ბანკში იპოთეკური სესხი 34 400.00 დოლარი (გასავალი 4 560.00 დოლარი).
მცხეთა მთიანეთის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანს დეკლარაცია 2015 წლის 10 თებერვალს აქვს შევსებული.
350.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ურეკში და 140.00 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ასეთია გუბერნატორის უძრავი ქონება.
მისი მეუღლის მფლობელობაშია 600.00 კვ. მ ფართობის მიწა თიანეთში, ხოლო ქალიშვილი თბილისში, 100.00 კვ. მ ფართობის ბინას ფლობს.
ნუგზარ ყიფიანს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 5 500.00 ლარი ერიცხება. მის მეუღლეს ამავე ბანკში 10.00 ლარი, ხოლო შვილს, "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2 000.00 ლარი.
გუბერნატორს სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მიღებული აქვს 64 435.00 ლარი. მის ქალიშვილს, რომელიც "ფრაისოთერჰაუსკუპერ" -ში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს 47 500.00 ლარი.
უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე.
მისი მეუღლე კი თბილისში, 60.00 კვ.მ ფართობის ბინის მფლობელია.
გუბერნატორს "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 29 997.00 ლარი ერიცხება, ხოლო მის მეუღლეს "საქართელოს ბანკის" ანაბარზე 13 000.00 დოლარი აქვს.
მარგველიძემ სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლის სახით 64 900.00 ლარი მიიღო. მისმა მეუღლემ კი, რომელიც ამბროლაურში, "ავერსი გეოფარმის" აფთიაქის გამგეა, 17 152.00 ლარი.