სააქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა თავისი პროდუქტი 900 მილიონიან ბაზარზე გაიტანოს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა.
"ბოლოდროინდელმა გამოწვევებმა დრამატულად გვაჩვენა ისედაც ცხადი გარემოება: ქვეყნის სრულფასოვან ფუნქციონირებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას ეკონომიკური წინსვლა უნდა დაედოს საფუძვლად.
ფაქტია, რომ ჯერაც ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური პროცესების სასურველ დინამიურობას. კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე, უთანასწორობის მაჩვენებელი, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება.ამდენად, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა: უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, საბოლოოდ – ქვეყანაში უთანასწორობის შემცირება და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა.
რა პოტენციალი გაგვაჩნია ეკონომიკის განვითარებისათვის? ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა – ახალი სტიმულია ეკონომიკური ზრდისათვის – ინვესტიციებისათვის, დასაქმებისა და ექსპორტისათვის, ასევე, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, ესაა ახალი შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის სხვა სივრცეების ათვისებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის. შესაბამისად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ბიზნესისა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა DCFTA-ს პოტენციალის შესახებ.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთანაც. მთლიანობაში ეს უზრუნველყოფს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის თავისუფალ წვდომას მსოფლიოს მასშტაბით 900 მილიონზე მეტ მომხმარებელზე. მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მაღალი პოზიციები მსოფლიოში აღიარებულ რეიტინგებში, დაბალი გადასახადები, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე დამატებითი სტიმულია ყველა ინვესტორისათვის", _ აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ "როგორც წინასაარჩევნო პროგრამით, ასევე მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით აღიარებულია მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის, ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობისა და დასაქმებისთვის".
"სახელმწიფო შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად" აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში და მე სრულად ვიზიარებ ამ მიზანს. თუმცა, ფაქტია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მშპ-ში ძალიან მცირეა და კვლავინდებურად 20 პროცენტის ფარგლებში რჩება", _ აღნიშნა მარგველაშვილმა.