“ერთია პრეზიდენტის სურვილები, რომელთა კრებულიც დღეს პარლამენტში მოვისმინეთ და მეორეა რეალობა, უფრო ზუსტად უფსკრული, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სახელისუფლებო შტოები იმყოფებიან,” – აცხადებს “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას.
„დღეს პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა პრეზიდენტი, რომელიც მოსახლეობამ აირჩია ბიძინა ივანიშვილის ხათრით და დღეს მას აღარ უსმენს არც ბიძინა ივანიშვილი და არც მის მიერ დანიშნული მთავრობა. შესაბამისად ხელისუფლების შტოებმა ქვეყანა აბსურდის თეატრს დაამსგავსეს თავიანთი არასერიოზულობით,“ – აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებასთან ერთად უკვე პრეზიდენტიც ადგას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეულ გზას, ამყოფონ მოსახლეობა ილუზიებში და ამტკიცონ, რომ საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი. ეს მაშინ როცა მთელი მსოფლიო და თავად ნატო საპირისპიროს გვიმტკიცებს.
„გაჟღერდა პრეზიდენტის პოზიტიური სურვილიც, რომელიც დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გულისხმობს. თუმცა პრობლემა კვლავინდებურად არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული პრობლემის მოგვარება ხელეწიფებათ, ანუ მთავრობა, არც პარლამენტში იმყოფებოდა დღეს და არც საკუთარ პოზიციას აფიქსირებს საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.