"ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარეს შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა საქმის მასალებზე. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაციები და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოეხსნა გრიფი. ამ დრომდე უცნობია სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ ოფიციალური გამოძიების შედეგები. ინფორმაცია ამის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი არც დაზარალებული ოჯახებისთვის, არც დაინტერესებული პირებისთვის და არც ფართო საზოგადოებისთვის", – განაცხადა სახალხო დამცველა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეფექტიანი და დროული გამოძიების წარმოებაა აუცილებელი ეროსი კიწმარიშვილის და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე. ნანუაშვილის შეფასებით, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიების შედეგებით დამაჯარებელი პასუხები უნდა გაეცეს უმოკლეს ვადებში.
"ასევე, დღემდე უცნობია 2013-14 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის არის თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონოდ აღკვეთის, ივანე მერაბაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანის და ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმეები. კანონის მოთხოვნათა სავარაუდოდ დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები კვლავ რჩება ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნევა", – განაცხადა ნანუაშვილმა.