პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც "სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ეხება.
კანონპროექტი, რომლის მიზანს საარსებო შემწეობის ბენეფიციარების სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლება წარმოადგენს, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დილის პლენარულ სხდომაზე მუხლობრივად განიხილა და მეორე მოსმენით, 80 მომხრით, ერთხმად მიიღო.
ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას, გაიმართა კომიტეტის სხდომა, რომელზეც კანონპროექტი უკვე საბოლოო – მესამე მოსმენით მიიღეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის გატანას.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ამა წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ ლეგალიზებული თანხის დაბრუნების თაობაზე სასამართლო და სააღსრულებო წარმოება კანონის მიხედვით შეწყვეტას დაექვემდებარება.
ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის თანხა, სავარაუდოდ, 800 ათას ლარამდეა. ოჯახების რაოდენობა კი, ვისაც კანონპროექტი შეეხება, ამა წლის იანვრის მდგომარეობით 2065-მდეა.
კანონპროექტის განხილვა საბოლოო მოსმენით პარლამენტის საღამოს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. მიღების შემთხვევაში, კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.