"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, კოოპერატივის საქმიანობაში ახალი ინსტიტუტი კოოპერაციული შემოსავალი შემოდის, რაც კოოპერატივის წევრს (მეპაიეს) საშუალებას აძლევს მოგება პერიოდულად მიიღოს და არა წლის ბოლოს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კოოპერაციული შემოსავალი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეს შემოსავლის ნაწილი, რომელსაც კოოპერატივის მოგების გამოანგარიშებამდე იღებს კოოპერატივისგან მისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად, საერთო კრების მიერ განსაზღვრული წესით.
"მაგალითად, კოოპერატივში გაერთიანებული არიან მესაქონლეები რძის შემკრები პუნქტის გარეშემო. ყოველდღე აბარებენ თავიანთ კუთვნილ რძეს და აბარებენ კოოპერატივს, რომელიც შემდგომ ქარხანას აბარებს ამ პროდუქტს, თუმცა,ქარხანა თანხას ყოველკვირეულად, ან 10 დღეში ერთხელ აძლევს კოოპერატივს. აქედან გამომდინარე, როგორც ქარხანა უნაზღაურებს კოოპერატივს, ისე მეპაიე მიიღებს თავის შემოსავალს და არ დაელოდება წლის ბოლოს მოგების განაწილებას", _ განმარტავს "გურისა ნიუსთან"საუბრისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე.
ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში ცვლილებების მიზანი კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნაა, რომელიც მიმართული იქნება წევრთა შრომითი რესურსების კაპიტალიზაციის გააქტიურებაზე.
კანონპროექტი, რომლის ავტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, პარლამენტს საზაგაფხულო სესიის დასრულებამდე უნდა წარედგინოს.
ასევე, მოქმედი კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული მეპაიეებმა და კოოპერატივის წევრებმა დივიდენდები რა რიგითობით უნდა მიიღონ.
„კანონმდებლობით არსებობს მეპაიე, სხვა ცნება არ არის, თუმცა კანონში ცვლილების შემდეგ შემოვა ახალი ცნება ასოცირებული წევრი, და დამატებითი საპაიო შენატანი, რომელიც თავისთავად დივიდენდის მირების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ კანონში განისაზღვრება, თუ რა რიგითობით შეიძლება მიიღონ კოოპერატივიდან შემოსავალი.
პირველ რიგში, მოგების მიღების უპირატესი შესაძლებლობა ექნება ასოცირებულ წევრს, მეორე რიგში, რომელსაც დამატებითი საპაიო შენატანი აქვს ხოლო შემდეგ, დარჩენილ მოგებას მეპაიეები გაინაწილებენ.
ეს რიგითობა განსაზღვრულია იმიტომ, რომ ასოცირებული წევრი სრულუფლებიანი წევრი არ არის. მას არა აქვს ხმის უფლება, როგორ მეპაიეს, ვერ ერთვება კოოპერატივის სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში პირდაპირ. მას რომ მეტი ინტერესი ჰქონდეს, პრივილეგია მოგების მიღებიას, პირველს ენიჭება“, _ ამბობს მიშელაძე.
ამავე თემაზე:
კოოპერატივების ეფექტური მუშაობისთვის კანონში ცვლილებები იგეგმება
ქართულ კოოპერატივში უცხო ქვეყნის ინვესტორები შემოვლენ
კოოპერატივში დამატებითი საპაიო შენატანი დამატებით მოგების საშუალებას იძლევა