საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში ერთ-ერთი თავი ეხება საყრდისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს საქმეს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესიოქროს მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების საკითხი როგორც კულტურული უფლებების, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების კუთხით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუმცა, ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის პროცესში ასევე აუცილებელია, რომ დაცული იქნეს ბალანსი ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის, როგორიცაა კულტურული უფლებები და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება.
საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები დაარ უზრუნველყვეს დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.“755 დასახელებული კანონის მე-3 მუხლის „ი.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი), რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი.“ ამავე კანონის 59-ემუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული სამართლებრივი აქტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის, მათთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების, ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიის დამტკიცებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ მათი ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციამდე ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად გამოცემულად.“
მართალია, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანებით, ხოლო ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი განესაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის7 ნოემბერს N665 ბრძანებულებით. თუმცა, კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ითვლება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ 2007 წლის 8 მაისს მიღებული საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნა უნდა განხორციელდეს მოხსნის მომენტისათვის მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის შესაბამისად. საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის N03/108 ბრძანებით, რომლის გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნა. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, „ძეგლისათვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე (გარდა ამ კანონის V1 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა სტატუსი.“756 ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროში იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო)“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „საბჭო დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით. საბჭოს საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომელსაც მიეკუთვნება ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე ძეგლის კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხები. დასახელებული საკანონმდებლო ნორმები ცხადყოფს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე.
მოგვიანებით, 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი. თუმცა, იმავე ბრძანებით, ისევ მოეხსნა აღნიშნულ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას საყდრისი- ყაჩაღიანისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე საფუძველად დაედო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ასევე 2014 წლის 12 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, შესწავლილი არ იქნა არაერთი ქართველი და უცხოელი ექსპერტის განსხვავებული მოსაზრება საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის შენარჩუნებისა და ამ მიზნით არქეოლოგიური კვლევების გაგრძელების თაობაზე.
ასევე, გაურკვეველია არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას რა ზომები გაატარეს შესაბამისმა ორგანოებმა მის დასაცავად, მით უმეტეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უპირველესი მიზანი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიზნით საჭირო ღონისძიებების შემუშავებაა.
შესწავლილი მასალებით დგინდება, რომ საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურის უძრავიძეგლის სტატუსის მოხსნაზე 2014 წლის 12 დეკემბერს გადაწყვეტილებების მიღებისას დაცული არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის760 მოთხოვნები და „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის" (ორჰუსისკონვენცია) 761 მე-6 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-7 მუხლით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც ადგენს დაინტერესებული საზოგადოების ადეკვატურ, დროულ და ეფექტურ ინფორმირებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე.