ს.ს. "ქართული ფოლადის" დირექტორი ნათია ჯაყელი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დავასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით აუცილებლად მიიჩნევს დავის რამდენიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი ასპექტის გასაჯაროებას.
ჯაყელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააქციო საზოგადოება “ქართული ფოლადი” ჯერ კიდევ 2005 წლიდან ფლობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთელ აქტივებს, რომლის განვითარებაშიც რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი იქნა ინვესტირებული.
"2011 წლის 06 ივლისს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით ინა გუდავაძესთან გაფორდა საიდუმლო მორიგების აქტი, რომლის ძალითაც პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა უარი თქვეს ტელეკომპანია იმედისა და მთაწმინდის პარკის დაბრუნების დავაზე და სანაცვლოდ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ინა გუდავაძის კომპანიისათვის გადაეცა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთელი აქტივები, რომელიც იმ პერიოდში სხვა მესამე პირების სს “ქართული ფოლადის” და სს “თუჯი XXI”-ის საკუთრებაში იყო. მას შემდეგ რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა ზემოაღნიშნული უკანონო მორიგება, მოხდა მისი სამართლებრივი შეფასება, მათ შორის თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, იხილეთ ბმული.
2011 წლის 06 ივლისის საიდუმლო მორიგების ხელშეკრულების დადების შემდეგ სს ქართული ფოლადის წინააღმდეგ მაშინდელი თანამდებობის პირებისა და ინა გუდავაძის წარმომადგენლების მონაწილეობით უკანონო სამართლებრივი მოქმედებების მთელი კასკადი განხორციელდა: ძალოვნების მიერ გამოდევნილ იქნა მოქმედი მენეჯმენტი, არამართლზომიერად შეიცვალა კომპანიათა დირექტორები, ინიცირებულ იქნა ხელოვნური გადახდისუუნარობა, მაშინ როცა საწარმოს ქონების ღირებულება მინიმუმ 5-ჯერ აღემატებოდა კრედიტორულ დავალიანებას, რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა ინა გუდავაძის ჯგუფის წარმოამდგენელი, რომელმაც რეაბილიტაციის პროცესის გახსნიდან 5 დღეში, იმის მაგივრად რომ ეზრუნა საწარმოს განვითარებაზე მთელი მეტალურგიული აქტივები საკუთრებაში გადასცა გუდავაძის კომპანა შპს “რუსთავის ფოლადს”, გადახდის 9 წლიანი განვადებით.
ამჟამად, სასამართლოში მიმდინარე გადახდისუუნარობის კატეგორიის დავა, რომლის საგანს წარმოადგენს რეაბილატაციის პროცესში სამეურვეო ქონების უკანონო გასხვისების გარიგებების ბათილად ცნობა და მთელი აქტივების ისევ სს “ქართული ფოლადის” საკუთრებაში დაბრუნება, მოვალე საწარმოსა და ყველა კრედიტორის ინტერესების თანაბარზომიერად დაცვისათვის. აღსანიშნავია, რომ სს “ქართული ფოლადს” დღეის მდგომარეობით ჰყავს დაახლოებით 70 მილიონი ლარის კრედიტორები და სრულიად არასწორია იმით მანიპულირება, რომ ვითომდაც დავა 5 ათას ლარზეა მხოლოდ.
მიმდინარე სასარჩელო წარმოების მიზანი უკანონოდ გასხვისებული ქონების ისევ სამეურვეო მასაში შედინებაა, რითაც საწარმოს საშუალება მიეცემა გააგრძელოს ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს კრედიტორები და თავადაც გადარჩეს როგორც ეკონომიკური სუბიექტი. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა თანხის მფლობელმა კრედიტორმა აღძრა სარჩელი, რადგან კრედიტორთა დაკმაყოფილების სხვა გზას, გარდა რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით სამეურვეო ქონებიდან კრედიტორთა დაკმაყოფილებისა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი არ ითვალისწინებს.
ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას აგრეთვე, წარმოადგენს ერთ დღეს, 2011 წლის 27 დეკემბერს, დადებული წიდის ნასყიდობის 2 ხელშეკრულების ბათილობა, რომელთა მიხედვითაც სს “ქართული ფოლადის” მთლიანი წიდა და ნაცარი ინა გუდავაძესთან აფილირებულ კომპანია შპს “რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფზე” გაიყიდა 3 მილიონ ლარად და იმავე დღეს, იგივე ქონება, ასევე გუდავაძის კომპანია შპს “რუსთავის ფოლადზე” გადაიყიდა 256 მილიონ ლარად. ამ ფიქციური გარიგებების და ფინანსური მაქინაციის შედეგად შპს “რუსთავის ფოლადმა” 39 მილიონი ლარის საგადასახადო ზედმეტობა მიიღო, ხოლო ბიუჯეტმა ამავე რაოდენობის ზარალი. სწორედ ეს გარიგებები ცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ და ბათილად, რაც დღეს სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს “ქართული ფოლადი” მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ზოგიერთ ტენდენციურ არასამთვარობო ორგანიზაციას საკითხის სიღრმისეულად და კვალიფიციურად გარკვევის გარეშე, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისაგან და სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობისაგან, დავაზე სასამართლო განხილვის დასრულებამდე" _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.