FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 31 მარტიდან 7 აპრილამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.
ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხებოდა. ივანიშვილის თქმით, საგარეო შოკების შერბილების მიზნით, მთავრობამ 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტი შეამცირა.
2014 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი დეფიციტი 1 038 მლნ ლარს შეადგენდა, რაც მშპ-ის 3.5% იყო. წლის ბოლოს ბიუჯეტის ფაქტიური დეფიციტი 863 მლნ ლარი იყო, რაც მშპ-ის 2.9%-ია. შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი 2014 წელს მართლაც შემცირდა. თუმცა, ის, რომ მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტი მიზანმიმართულად შეამცირა, სიმართლეს არ შეესაბამება. 2014 წლის ბიუჯეტში მთავრობას არანაირი ცვლილება არ განუხორციელებია. ბიუჯეტის დეფიციტის კლება ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების არასრულად ათვისებამ და საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებამ გამოიწვია.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ წლის ბოლოს, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ბიუჯეტიდან საკმაოდ მაღალი ხარჯვა განხორციელდა. ბიუჯეტის დეფიციტი წლის ბოლო სამ თვეში 588 მლნ ლარით გაიზარდა, საიდანაც დეკემბრის თვეში ბიუჯეტის დეფიციტი 288 მლნ ლარი იყო, რამაც ლარის კურსის ვარდნას შეუწყო ხელი.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება მეტწილად მცდარად შეაფასა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი განცხადება გადაამოწმა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა თუ არასწორი ქმედებებით ქვეყანა ლარის კრიზისამდე მიიყვანა. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულება ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაა. მისი თქმით, კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი წილი გაიღეს. მაგალითად, მან სომხეთი და მოლდოვა მოიყვანა. ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების მხოლოდ 5%, ანუ 120 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც კურსის დასტაბილურებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქცია ქვეყანაში მონეტარული სტაბილურობაა (ინფლაციის კონტროლი). შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობის კონსტიტუციური ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მცდარია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე სავალუტო აუქციონზე 200 მილიონი დოლარი გაყიდა, ეს კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ რიცხვს 80 მილიონით აღემატება. 2014 წელს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების 34%, ხოლო მოლდოვას ცენტრალურმა ბანკმა რეზერვების 23.5% დახარჯა. მიუხედავად ამისა, მათი ვალუტები დოლართან მიმართებაში მაინც დაეცა, მოლდოვაში 21%-ით, ხოლო სომხეთში 17%-ით. ბიძინა ივანიშვილი ამ რიცხვებს მეტ-ნაკლებად სწორად გადმოსცემს, თუმცა არასწორია კონტექსტი, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იმდენივე რეზერვი არ დახარჯა რაც სხვა ქვეყნებმა, ეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის მავნებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს სომხეთის და მოლდოვას ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შემცირდა, რაზეც გავლენა ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მათი საერთაშორისო რეზერვების გახარჯვამაც იქონია.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება მცდარად შეფასდა.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა. ღარიბაშვილის თქმით, “შუახევიჰესის” პროექტში საქართველოს 600 მოქალაქეა დასაქმებული”.
“შუახევიჰესი” კერძო საერთაშორისო საინვესტიციო პროექტია, რომელიც ექსპლუატაციაში 2018 წლის დასაწყისში უნდა შევიდეს. პროექტის მშენებლობა მდინარე აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ენერგეტიკის სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელი საწარმოს – “აჭარისწყალი საქართველოს” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, “შუახევიჰესის” მშენებლობაზე საქართველოს 600 მოქალაქეა დასაქმებული. აქედან, შუახევიდან 278, ხოლო ხულოდან კი 209 ადამიანი (დანარჩენი 113 პირი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენენ). შესაბამისად, დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.
ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემელაძის განცხადებაც გადაამოწმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველას შეუძლია შეიძინოს მიწის ნაკვეთები, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე, თუნდაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თუ ბანკებს. შესაბამისად, მისი აზრით, რეგულაციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ის ასევე არ ემხრობა ისეთი ინსტიტუტებისთვის გამონაკლისის დაწესებას, როგორიცაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და კვლევის შედეგად გაარკვია, რომ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები უცხოელის მიერ საკუთრების შეძენის გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს. მართალია, კანონპროექტი ამ ეტაპზე კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს და მათ სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვა შეუზღუდავად შეუძლიათ, თუმცა სხვა უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.
მაგალითად, უცხოელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება აქვს, თუ მას აქვს ბინადრობის ნებართვა, მემკვიდრეობით მიიღო აღნიშნული ქონება, იქორწინებს საქართველოს მოქალაქეზე, ან გახდება კომლის წევრი (ამასთან, თუ უცხოელი განქორწინდება, კომლიდან გავა, ან დაკარგავს ბინადრობის ნებართვას, იგი ვალდებულია ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს მიწა), ასევე უცხოელ ფიზიკურ პირს მინიმუმ 5, ხოლო მაქსიმუმ 20 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა შეუძლია. უცხოელი მოქალაქის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს კი, მინიმუმ 20, ხოლო მაქსიმუმ 200 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენის უფლება აქვს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ზურაბ ტყემალაძის განცხადება მეტწილად მცდარია.
ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ეკა ბესელია განცხადების სიზუსტეც გადაამოწმა. ბესელიას განცხადებით, „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ და მეორე ადგილზეა აბსოლუტურად ყველა პარამეტრში“.
ბოლო კვლევა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეიტინგებს ასახავს, 2014 წელს გამოქვეყნდა და ის 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის, საქართველოს 7 კომპონენტიდან 3-ში პირველი ადგილი უკავია. ორ კომპონენტში ის მესამე ადგილზეა, ერთში მეორეზე და ერთშიც მეოთხე ადგილზე.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ეკა ბესელიას განცხადება ნახევრად სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, პაატა ლეჟავას განცხადების სიზუსტეც გადაამოწმა. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტობანის შესახებ საუბრისას ლეჟავამ აღნიშნა, რომ “ავტობანის არცერთი ახალი მონაკვეთის პროექტი მთავრობას პარლამენტისთვის არ წარმოუდგენია”.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ამტკიცებს თუ არა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტს პარლამენტი. ამ კითხვით ჩვენ საქართველოს პარლამენტს მივმართეთ. პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტებს არ ამტკიცებს. ფაქტ-მეტრი განცხადების დასაზუსტებლად დეპუტატ პაატა ლეჟავასაც დაუკავშირდა. დეპუტატის განმარტებით, პარლამენტის მიერ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტების არა დამტკიცება, არამედ ამ პროექტების დასაფინანსებლად გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირება ხდება. მისი ინფორმაციით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არცერთი ასეთი ხელშეკრულების რატიფიცირება არ მომხდარა.
2013 წლის 6 ივნისს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის “აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის” (ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი) დაფინანსებას მოეწერა ხელი. 2013 წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტში ამ სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა. 2014 წლის 20 თებერვალს პარლამენტში ევროპის საინვესტიციო ბანკთან დადებული სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა. 2013-2015 წლებში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობა დაფინანსდა. ამავე წლებში, სამშენებლო სამუშაოები ავტომაგისტრალის 5 მონაკვეთზე დაიწყო. ეს მონაცემები იმის მაჩვენებელია, რომ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები ბოლო ორი წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ პაატა ლეჟავას განცხადება ტყუილია.