დიმიტრი ხუნდაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევებს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოგრაფიულ პოლიტიკას ქვეყნის განვითარების მთავარ ნაწილად მიიჩნევს. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რაც გაოიხატა შობადობის გაზრდაში, აბორტების შემცირებაში და ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
"გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა საქართველოში 2014 წლის მეორე ნახევარში. კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპის მასშტაბით შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა: შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი შეადგენს 2.0 . 2012 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დემოგრაფიულ პროგრამაზე მუშაობა, ეს კოეფიციენტი შეადგენდა – 1.6, 2013 წელს გახდა – 1.7, ხოლო დღეს უკვე ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა 2. 0-მდე.
ორი წლის მანძილზე განხორციელდა შემდეგი დემოგრაფიული ინიციატივები:
საქართველოს 6 რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა აღემატება შობადობას, ყოველ მესამე და შემდგომ ახალშობილზე 2 წლის ასაკამდე გაიცემა ფულადი დახმარება ბარში 150, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით; მშობიარობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ; გაიზარდა დეკრეტული შვებულების ვადა და ანაზღაურება; ორსულ ქალებისთვის დაწესდა უფასო კონსულტაცია; ასევე, ორსულ ქალებს უფასოდ ეძლევათ ფოლიუმ მჟავას და რკინა-დეფიციტური ანემიის შემთხვევაში რკინის შემცველი პრეპარატები; აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3 დღიდან გაიზარდა 5 დღემდე; აიკრძალა სელექციური აბორტები; გამკაცრდა სასჯელი უკანონო აბორტების მიმართ; განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის გაიცემა ერთჯერადი დახმარება საკვებით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით 1000 ლარის ფარგლებში. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის.
ბოლო ორი წლის მანძილზე მხოლოდ დემოგრაფიულ ინიციატივებზე ბიუჯეტიდან დახარჯულია 70 მილიონზე მეტი. დემოგრაფიულ ინიციატივებზე მუშაობა გრძელდება: სრულდება მუშაობა შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ კანონპროექტზე; სრულდება მუშაობა მთის კანონზე.
ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ამიტომ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება გრძელდება", – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.