საქართველოს პარლამენტის წევრის, სერგო რატიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"კანონპროექტი განიხილეს დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, რომლის მიხედვით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებული, შეუმციროს საგადასახადო ტვირთი, რის შედეგადაც უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა დაზოგილი თანხა მოახმარონ სწავლებისა და სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევარებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას.
"სახელმწიფო ერთი ხელით სტუდენტს აძლევს გრანტს, ხოლო მეორე ხელით უკანვე ართმევს უნივერსიტეტს იმ ფულს, რომელიც მან სტუდენტის განათლებას უნდა მოახმაროს", _ამბობს კანონპროექტის ინიციატორი სერგო რატიანი.
კომიტეტი დაეთანხმა კანონპროექტის განმარტებითი ბარათის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებული, შეუმცირდეს საგადასახადო ტვირთი, თუმცა ინიციატივას მხარი მაინც არ დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა გათავისუფლდნენ როგორც მოგების, ისე ქონების გადასახადისაგან.
"მისასალმებელია, რომ მთავრობა უკვე მუშაობს ამ საკითხის საკანონმდებლო გზით გადაწყვეტაზე. უფრო მეტიც, სახელმწიფომ მომავალში სრულად უნდა იტვირთოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის საბიუჯეტო სახსრებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არის დაფუძნებული სახელმწიფოს მიერ, მათზე ასეთი შეღავათების გავრცელება მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ ამ ნორმის კანონპროექტში შეტანა გაუმართლებელია. გარდა ამისა, კანონპროექტში უნდა დაზუსტდეს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საგადასახადო კოდექსის ანალოგიურ ნორმებთან", _ აღინიშნა კომიტეტის სხდომაზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს და მიუღებლად ცნო იგი.