მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილის კანიონებში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადია ტურისტულ ზონად იქცა, ადგილობრივებსა და კომპანია "რაფტინგ ჯი"-ს ხელმძღვანელ დავით ქაცარავას შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც ადგილობრივი ლაურა სოზიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, კანიონებში ნავის გაქირავება, გაჭედილის მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სწორედ ამიტომ გახდა დავით ქაცარავას მხრიდან ნავების ჩაყვანა დაპირისპირების მიზეზი, რომლის მოგვარებაშიც ჩართულები იყვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი და პოლიციის უფროსიც.
თუმცა, როგორც ქაცარავა ამბობს, მის კომპანიას იურიდიული უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ მდინარეზე აწარმოოს საქმიანობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ტურისტული კომპანიისგან ჰქონდა დაკვეთა.
"ჩემი კომპანია, "რაფტინგი", ცნობილია იმით, რომ გარე ტურიზმში წამყვანია. ვგულისხმობ აქტიურ და ექსტრემალურ ტურებს. ტურისტული კომპანიისგან გვქონდა შეკვეთა კანიონებში ჯგუფი შეგვეყვანა ჩვენი ინსტრუქტორებითა და მაღალი ხარისხის აღჭურვილობით და ჩავედით. რატომღაც ადგილობრივებმა ჩვენი კომპანიის აბსოლუტურად კანონიერი ქმედება გააპროტესტეს. ჩემთვის გაუგებარ ექსკლუზივს ითხოვენ. თუ ვინმე იურიდიულად დამისაბუთებს, რომ ჩემს ან სხვა კომპანიას არ აქვს იურიდიული უფლება შევიდეს კანიონში, ან სხვა ადგილას, მაშინ მე დავემორჩილები კანონს.
ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა როცა ადგილობრივ მოსახლეობას წინააღმდეგობა უჩნდება ჩემს საქმიანობაზე. ყველგან პირიქით ხდება-ხოლმე.
ჩემი გადმოსახედიდან არაჯანსაღი სიტუაციაა", _ აღნიშნავს ქაცარავა "გურია ნიუსთან" საუბარში.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მარტვილის კანიონებში, ნავების შეყვანისა და შემდგომში გაქირავების მხრივ, კონტროლი თითქმის არ არსებობს. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, მათ თავად აქვთ გარკვეული წესები შედგენილი, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ და ეს რიგითობას უკავშირდება. ანუ, ნავით გასეირნების მსურველს, მათ მიერვე შედგენილი რიგითობის მიხედვით ემსახურებიან.
აქ ნავით კანიონში შესვლა 25 ლარი ღირს და ნავს 5 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.