დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის კვალიფიკაციის სისწორეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პროკურატურა განმარტავს:
მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ"ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენას ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, 25 და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.
დანაშაულის ჩადენის დროს, ანუ 2005 წლის 14 ივლისს მოქმედი კანონის მიხედვით ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გათვალისწინებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 12 წლამდე და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
დღეს მოქმედი რედაქციით კი იგივე ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, კანონს რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა და ვრცელდება წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე. აქედან გამომდინარე, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული იქნა დღეს მოქმედი კანონი, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, 2005 წელს მოქმედი კანონი ჯგუფურად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის სასჯელის სახით მაქსიმალურ ვადას აწესებდა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ახალი კანონი ამ ქმედებისთვის სასჯელის მაქსიმალურ ვადას ამსუბუქებს და აწესებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამდენად მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და დაზუსტებას არ საჭიროებს. შესაბამისად აღნიშნული საკითხით სპეკულაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.