გუშინ, ჯვართაღმართების დღესასწაულზე, მცხეთიდან წამოსულმა მრევლმა და სასულიერო პირებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში ჯვარი ლოცვით შემოაბრძანეს.
ჯვართაღმართების მივიწყებული დღესასწაულის აღდგენის ნიშნად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტერესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმ.ნინოს გაკვალულ გზაზე სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის, არაგვის პირად (ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია) აღიმართა ჯვრით დაგვირგვინებული სვეტი, ქართლის მოქცევის ეპიზოდებით ქართლის მოქცევის ეპიზოდებით შემკული. ეს ადგილი ერთგვარი ცენტრია, საიდანაც ნათლად იხილვება ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი – მტკვარ-არაგვის შესართავი, ბაგინეთი, ბეთლემის გამოქვაბული, სვეტიცხოველი, სამთავრო-მაყვლოვანი და სხვა… ამ ვრცელ ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მომსვლეთა წინაშე მონაცვლეობით წარმოჩნდებიან მცხეთის სიწმინდეები და ქართლის მოქცევის მთელი ისტორია – წინარე ქრისტიანული და ქრისტეს შობის შემდგომი, ვიდრე დღემდე.
დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი: ხარების დღესასწაულზე საგანგებოდ მომზადებულ სამ ჯვარს პატრიარქი აკურთხებს სამების ლავრის ხარების ტაძარში. მორწმუნე მრევლი მათ მიაბრძანებს მცხეთის ჯვრის მონასტერში, გადაიხდისლისს, შემდგომ კი მთის ფერდით "ძუძუს წყაროსთან" გალობით დაეშვება და ლიტანიით გაემართება სვეტიცხოვლიკენ.
ჯვრები სვეტიცხოვლის საკურთხეველშია ჯვართაღმართების დღესასწაულამდე (მენელსაცხებელ დედების ხსენების დღე), ხოლო დღესასწაულზე წირვის შემდეგ ერთერთ კვარს ლიტანიით მდ. არაგვის გადაკვეთით და "ძუძუს წყაროს" მილოცვით, ააბრძანებენ ჯვრის მონასტერში, ორ დანარჩენს – თხოთისა და უჯარმის ტაძრებში. წინა წელს აღმართული ჯვრები, პატრიარქის კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანდება. და, ასე განმეორდება ყოველ წელს, რათა მადლი პატიოსანი ჯვრებით წმ. დედაქალაქიდან მთელ საქართველოში განიფინოს ფარად და მცველად ქართველთა.
2007 წელი ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტერესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აღადგინა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული – ჯვართაღმართება. დღესასწაულს საფუძვლად დაედო ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა. იგი უშუალოდ უკავშირდება წმ.ნინოს მიერ IV საუკუნეში ქართლის მოქცევას და პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის დროსაა დაწყებული.
სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ როდესაც გასრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში კონსტანტინე დიდის წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მიერ მოინათლა მეფე-დედოფალი ოჯახით და "ყოველი ერი", წმ. ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ მეფესთან ერთად ჯვრების აღმართვა განიზრახეს. ჯვრის შესაქმნელად მცხეთელებმა მათ მიანიშნეს იმ აკაკის ხეზე, რომელიც სასწაულებრივად კურნავდა ცხოველებსა თუ ფრინველებს და აღმართული იყო "ბორცვსა ზედა კლდისასა" (დღევანდელი მცხეთის ჯვრის მონასტრის მთის ფერდზე).
ძვ. სტილით 25 მარტს, ხარება დღეს, მეფის ძე რევიმ და ეპისკოპოსმა იოანემ ათი ათეული მორწმუნის თანხლებით მოჰკვეთეს ხე და ზეაღმართული, მიწაზე შეუხებლად, უდიდესი კრძალვით შეაბრძანეს მცხეთაში. ყველას უკვირდა მისი ფოთლოვანება, რადგან ჯერ კიდევ ადრეული გაზაფხული იდგა და "ყოველი ხე ხმელ იყო", იგი კი – "ფურცელდაუცვენელი, სურნელოვანი და დასანახად მშვენიერი" – აღმართეს სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან, სადაც 37 დღე დაჰყო. ამ ხნის მანძილზე არც ფოთლები ჩამოცვენია და არც ფერი შეუცვლია. 1 მაისს ამ ხისგან ხუროებმა, მღვდლების სწავლებით, სამი ჯვარი შექმნეს. 7 მაისს კი "ხელის დადებითა მეფისაითა" აღმართეს სვეტიცხოველის ტაძარში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მორწმუნენი.
იმავე ღამეს ზეციდან გარდამოვიდა ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვარი და თავზე დაადგა წმინდა ეკლესიას. რიჟრაჟზე მას გამოეყო ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე დასავლეთისკენ გაემართა. "იგი თავადი – ჯუარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკულავითა", იდგა თავისი ბრწყინვალებით და ნელნელა დაიძრა აღმოსავლეთისკენ, განვლო არაგვი და დაადგა წმ.ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროს. იქიდან ბორცვის თავზე აღემართა და კვლავ წყაროზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა და მორწმუნე ერმა ყოველივე იხილა.
წმ. ნინომ მეფეს ურჩია, რომ ხალხი გაეგზავნა იმ ადგილების მოსაძიებლად, სადაც ვარსკვლავი შეჩერდებოდნენ, რათა სწორედ იქ აღემართათ პატიოსანი ჯვრები, "ყოველთა ქრისტიანთა" მფარველად. წარგზავნილთა ცნობით, დასავლეთით ვარსკვლავნი თხოთის მთას (პასპის სიახლოვეს) შეჩერებუა, იქ, სადაც მირიანს მზე დაუბნელდა და "ამხილა ღმერთმან მეფესა ძალი თვისი", ხოლო აღმოსავლეთით მთიები დაბა ბოდბეში (კახეთში) დამდგარა.
ერთი ჯვარი თხოთს წააბრძანეს, ხოლო წმ. ნინოს რჩევით, მეორე ჯვარი ბოდბის ნაცვლად მირიან მეფის ძის, რევის, მეუღლემ სალომემ ქალაქ უჯარმაში აღმართა, რადგან უჯარმა სამეფო ქალაქი იყო და "ერის სიმრავლითაც" აღემატებოდა ბოდბეს. წმინდანმა თავიდანვე განჭვრიტა, რომ ბოდბეს თავად იხილავდა და იქვე ჰპოვებდა სამუდამო განსასვენებელს.
მესამე, მცხეთის ჯვარ პატიოსანი, ხელთ აღიპყრეს და აღმოსავლეთით, არაგვის გავლით ბორცვზე წყაროსთან ააბრძანეს, სადაც ლოცვაში ღამე გაათენეს. წმ. ნინო ტავისი ცრემლით "განზავებდა" წყაროს წყალს და ერმაც იხილდა "კურნებანი და სასწაულნი დიდნი." გამტენიისას კი გაემართნენ მთისკენ, სადაც წმ. ნინოს მინიშნებით ეპისკოპოსმა იოანემ აღმართა ჯვარი, "მოდრკენ" სრულად, თაყვანისცეს და ადიდეს ძე ღმრთისა ცხოველისა ყოველთა" (ღმთის წყალობით, მცხეთის ჯვარ პატიოსანი დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ჩრდილოეთით, კვართის მოპირდაპირე მხარეს არის დაბრძანებული; თხოთის ჯვარი – სამების საკათედრო ტაძარში, უჯარმისა კი დაკარგულია). ჯვართაღმართებას ქართლში კერპების დაცემა და განადგურება მოჰყვა.
პატიოსანი ჯვრის აღმართებით მცხეთის აღმოსავლეთით მდებარე ბორცვი ქართველთათვის გოლგოთად გაცხადდა, სვეტიცხოვლის ტაძრის თავზე ზეციდან გარდამოსული ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის მიმოსვლამ კი საუკუნოდ აღბეჭდა გზა უფლის კვართიდან ქართველთა გოლგოთამდე და მათი განუყოფელობა გვაჩვენა. მცხეთაში, მეორე იერუსალიმში, წმ. ნინოს მიერ გავლილი ეს გზა ქართველთათვის უფლის ვნების გზად იქცა.
სტატიაში გამოყენებულია ჯვართაღმართების ისტორია ბროშურიდან "ჯვართაღმართება".