მთავრობამ პარლამენტიდან "ადვოკატთა შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები გაიწვია.
საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ერთვოდა თან და ითვალისწინებდა გარკვეულ შეზღუდვას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მხრიდან ადვოკატთა მიმართ.
საკითხი ადვოკატების პროტესტის საგანი გახდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ თუ მთავრობა დაგეგმილ ცვლილებებს კანონში შეიტანდა, ადვოკატების პროტესტი გაგრძელდებოდა.
ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ" კანონპროექტი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში უხეშად ჩარევის საშიშროებას ქმნიდა. ისინი პარლამენტის წევრებს მოუწოდებდნენ, რომ ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობების დემოკრატიული ფასეულობები დაეცვათ და აღნიშნული კანონპროექტისთვის ხმა რა მიეცათ.
როგორც 22 აპრილს გამართულ აქციაზე ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, "კანონში ცვლილების შემდეგ ადვოკატის ინსტიტუტი ისპობა".
"კერძოდ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს შეუძლია ადვოკატს უთხრას, რომ კლიენტთან მან არ უნდა აწარმოოს საქმე და უნდა შეუჩეროს გარიგება. არგუმენტი კი მხოლოდ ის იქნება, რომ ფინანსური სამსახურის უფროსი ამას საჭიროდ მიიჩნევს. ეს არის ფეოდალიზმში დაბრუნება და მისი ინსტიტუტის რღვევა", _ აღნიშნა ხატიაშვილმა.
თუმცა, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის ძირითად ტექსტში ასეთი შეზღუდვა აღარ არსებობს და შესაბამისად, "ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებების გაწვევა გახდა საჭირო.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კოლეგებს სთხოვა, რომ მსგავს პროექტებთან დაკავშირებით მეტი განმარტებები გააკეთონ, მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა საკითხი მოგვარებულია.
მთავრობის მიერ პარლამენტიდან "ადვოკატთა შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები გაწვევის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.