ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კინოთეატრში "გურიაში“, X საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში თბილისის მერიის ბიგ-ბენდის (ხელმძღვანელი გივი გაჩეჩილაძე) კონცერტი გაიმართა, სადაც ცნობილი მომღერლებიც მონაწილეობდნენ.
კონცერტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა სრული ანშლაგით ჩატარდა.
ხარისხიან, გემოვნებიან მუსიკას მოწყურებელი მაყურებელი ოვაციებს ვერ მალავდა და ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს:
_ ეს იყო დიდი მუსიკის ზეიმი და ბედნიერები ვართ, რომ ამ ზეიმს ჩოხატაურმა უმასპინძლა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
კონცერტს ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ასეთი ფესტივალის მასპინძლობა ყველა მუნიციპალიტეტისთვის საპატიოა.
კმაყოფილი იყვნენ ღონისძიების ორგანიზატორებიც:
_ შესანიშნავი მსმენელი ჰყავს ჩოხატაურს. ორი საათის განმავლობაში სულგანაბული ისმენდა დარბაზი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის და იმედი გვაქვს ჩვენ კიდევ შევხდებით ერთმანეთს ჩოხატაურში, _ აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
კმაყოფილებას ვერ ფარავდა მაყურებელიც, რომელთა თქმით მსგავსი საღამოების გამართვა აუცილებელია:
_ სულიერი სიმშვიდე მივიღეთ. ასეთი მუსიკა დიდი ხანია არ მოგვისმენია. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, _ დასძინეს მაყურებელებმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სთხოვეს რომ ასეთი საღამოები ხშირად გამართონ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი 1997 წელს დაარსდა. მუსიკალურ წრეებში ორკესტრი მაღალპროფესიულ, საუკეთესო საშემსრულებლო ხარისხის თანამედროვე კოლექტივადაა აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ორკესტრმა 2006 წლის მონტე-კარლოს საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე გაიმარჯვა და პრესტიჟული ჯილდო “The Thropy of the Monte-Carlo Jazz Master 2006“ მოიპოვა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში არც ერთ სხვა საშემსრულებლო ორკესტრს არ მიუღია.
ორკესტრის საკონცერტო რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია. ორკესტრს უამრავი კონცერტი აქვს გამართული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. “ბიგ-ბენდის“ შემადგენლობა საქართველოში საუკეთესო მუსიკოსთა ნაკრები და მომღერალთა ჯგუფია, რომლის შემადგენლობაში არიან თაკო გაჩეჩილაძე, მაია ბარათაშვილი, ზაურ შავგულიძე, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ პავლიაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, ბორის ბედია.