ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ღია კარის დღე იმართება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის პრობლემებს ისმენენ.
ლიხაურელი ნატო გოგუაძე ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვს: "რვასულიანი ოჯახიდან ვარ, სამი წლის განმავლობაში სოციალურ დახმარებას ვიღებდი, მაგრამ 2015 წლის 8 აპრილს შემიჩერეს. სამი ბავშვი გვყავს სახლში. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ძალიან გვჭირდება დახმარება და სოციალური დახმარების აღდგენა. სოციალური აგენტი, როდესაც მოვიდა სახლში ნათხოვარი სარეცხი მანქანა მქონდა და ამის შესახებ კიდევაც ვაცნობე. ამის გამო შეიძლება შემიჩერდეს სოციალური დახმარება? შეგიძლიათ გადაამოწმოთ, როგორ ვცხოვრობთ", – თქვა ნატო გოგუაძემ.
ლიხაურელი ნაილი დობორჯგინიძის თქმით, რვა ოჯახი წლებია ითხოვს გაზის შეყვანას, მაგრამ ეს ამ დრომდე არ მოხერხდა.
"სად არ მივედით, მაგრამ ვერ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება. გვეუბნებიან, რომ გეგმაში უნდა მოხვდეთო, ისიც გვითხრეს, რომ თუ პატრონი გყავს წამებში მოგვარდება ეს ამბავიო. ძალიან კარგი იქნება თუ დაგვეხმარებით", – ამბობს ნაილი დობორჯგინიძე.
მურადი კიღურაძის თქმით, ის დევნილია და 20 წელია სხვის სახლში ცხოვრობს.
"სახლში ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობ, სოციალურ დახმარებას ვიღებ, მაგრამ არ გვაქვს საკუთარი სახლი". – თქვა მურადი კიღურაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს მიიღებს ღია კარის დღეში მონაწილეობას, კომპენტეტური პასუხი გაეცემა და მათი პრობლემებით დაინტერესდებიან.
"ქალბატონო ნაილი, პირველ რიგში გირჩევთ, რომ ინფორმაცია გადაამოწმოთ. არანაირად არ ხდება გაზის შემოყვანა ვინმეს პატრონაჟით, ეს არის ტყუილი. აუცილებლად დავინტერესდებით თქვენი პრობლემით", – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.