საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას მოუსმინეს. სხდომის მიმდინარეობისას კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შესახებ.
"მიუხედავად იმისა, რომ 2013-2014 წლებში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, განახლდა ავტოპარკი, სამედიცინო აპარატურა და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, მთავარი საკითხები ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ძირითადი პრობლემაა გამოძახების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და ბრიგადების დანიშნულების ადგილამდე დაგვიანებით მისვლა, განსაკუთრებით დედაქალაქში. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება რეგიონების კუთხით, ხოლო თბილისის მასშტაბით ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია. თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახური სუსტი მოხსენებით იყო წარმოდგენილი. ვიმედოვნებთ, შემდგომი შეხვედრა მათი მხრიდან უფრო პროგრესული იქნება.
ჯანდაცვის კომიტეტმა შეიმუშავა 15 რეკომენდაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სიპი 112-ს, თბილისის მერიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ. თითოეულ რეკომენდაციაზე დადგენილია კონკრეტული ვადები, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების მოგვარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის სწრაფ, ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას. კომიტეტი, საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, ხშირად მოუსმენს სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ შესაბამის უწყებებს.
სასწრაფო სამედიცინო მოსახურება-ეს არის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლი",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.