გუშინ, ლანჩხუთში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამოძიებას კითხვები გაუჩნდა გამგებლის პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილის მისამართითაც, რომელიც იმყოფებოდა კიდეც ჩვენების მისაცემად ქალაქ ბათუმში. რატომ გაუჩნდა კითხვები გამოძიებას ზენაიშვილის მიმართ, ამასთან დაკავშირებით კომენტარი უშუალოდ გამგებლის პირველ მოადგილეს ვთხოვეთ.
"გამოძიებას ჩემთან კითხვები გაუჩნდა იმიტომ, რომ დაკავებულ ესე სარჯველაძემ, რომელიც, როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ფულის გამოძალვის მიზეზით აიყვანეს, ჩვენებაში აღნიშნა, რომ თითქოს თანხა უნდა გადაეხადა ვახტანგ ზენაიშვილისთვის, ანუ ჩემთვის.
მე გამოძიებას დეტალურად მოვუყევი თუ საიდან მოხვდნენ ჩემთან ესე სარჯველაძე და მეწარმე კაზარიანი და რა ურთიერთობა მქონდა მათთან.
მარტის შუა რიცხვები იყო, როცა ისინი ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ განცხადება ჰქონდათ დაწერილი გამგებლის სახელზე და უნდოდათ იჯარით მიწის ნაკვეთის აღება მომავალში სამეწარმეო საქმიანობისთვის. როგორც მითხრეს, მათი პრობლემა ის იყო, რომ განცხადების განხილვა დროში გაიწელა და იქნებ გაგვარკვიოთ ვითარებაშიო. განცხადება დაწერილია 13 თებერვალს, პასუხი კი გაცემულია 23 მარტს, ისინი ჩემთან სავარაუდოდ 18 მარტს იმყოფებოდნენ. მოკლედ, მე ამბავი მოვიკითხე გოგი ფაცურიასთან, რომელმაც მითხრა, რომ არანაირი შეყოვნება საქმესთან დაკავშირებით არ არის, უბრალოდ შესაბამისი კომისია სწავლობს საკითხსო. შესაბამისად, მოვლენები განვითარდა და საკრებულოზეც გავიდა საკითხი განსახილველად, საკრებულომ მოგვცა თანხმობა ნაკვეთის იჯარით გაცემაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ფორმით – პირდაპირი წესით თუ აუქციონის.
კაზარიანს და სარჯველაძეს უნდოდათ პირდაპირი წესით გაფორმებულიყო საიჯარო ხელშეკრულება, მე იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ აუქციონის წესით მომხდარიყო ნაკვეთის გასხვისება. შევთავაზეთ ხელახლა მიემართათ საკრებულოსთვის, მაგრამ, რატომღაც მათ ეს არ გააკეთეს, რის შემდეგაც მათთან კონტაქტი აღარ გვქონია და დავნიშნეთ აუქციონი პირველი ივნისისთვის. ასე რომ, ეს პროცესი იყო სრულიად გამჭირვალე და ნათელი.
მეც გამიჩნდა კითხვები და ეჭვები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია – "გამგეობის ყოფილი თანამშრომელი". რას ნიშნავს ეს, რა რებუსებია? მას ამ ეტაპზე აქვს კონკრეტული სამსახური და აქ არაფერ შუაშია "გამგეობის ყოფილი თანამშრომლობა", მითუმეტეს ჩემი ინფორმაციით მას არასდროს უმუშავია გამგეობაში. მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, ეს ყველაფერი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც დიდი პროვოკაცია, რომ არავითარი მეწარმე კაზარიანი არ არსებობს, არამედ არსებობს პროვოკატორი კაზარიანი ე.წ. "ბეტეერი" და ეს ყველაფერი დაიგეგმა რომელიღაც კაბინეტში. ეტყობა ზოგიერთ ორგანოს უხვად ყავს მსგავსი ხალხი და ხშირად დადიან მუნიციპალიტეტებში, რომ ვინმე გამოიჭირონ. მკითხველმა განსაჯოს, ის ნაკვეთი, რომლის ვითომ იჯარით აღება ვინმე თურქს უნდოდა კაზარიანის მეშვეობით, შეფასებულია 4020 ლარად.
ამ დროს კი მეწარმე წელიწადში ქირაობს 2500 ლარად და ქრთამის სახით იხდის 3000 ლარს. ჩნდება ლოგიკური კითხვა – რაში იხდის ამ 3000 ლარს? რატომ, ვინმემ რამე გააკეთა ისეთი, რაც კანონის ფარგლებში არ ზის და ქრთამი ამაში გადაიხადა? მან ქრთამი იმაში გადაიხადა, რომ ასრულებს სპეცდავალებას, ბრიყვი და ხარბი ესე სარჯველაძე გამოიჭირა და შეტენა ეს ქრთამი. ესეს გამართლება არ აქვს, ამაზრზენია, როცა სხვისი სახელით მოქმედებ და გამორჩენას ელი, თუმცა უფრო დიდი პრობლემა ისაა, როცა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა ამას "ჩალიჩობს". ეს ძალიან მალე გაირკვევა. მსგავსი მეთოდები ძერჟინსკის ჰქონდა, როცა ვითომ არალეგალურ ორგანიზაციებს ქმნიდნენ, მასში ითრევდნენ ადამიანებს, შემდგომ კი იჭერდნენ და ხვრეტდნენ. ნოდარ დუმბაძის "მარადისობის კანონშიც" მსგავსი თემა საკმაოდ ვრცლადაა განხილული. ასეთი მეთოდები ძალიან ცუდია და ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ყველა მხრიდან ჩანს რომ არ ვცდები.
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კაზარიანს მსგავსი მეთოდით რამდენიმე საქმე აქვს გაკეთებული და ხალხი ჰყავს დაჭერილი.
არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ჩემი პრინციპები, საქმისადმი მიდგომა, ზოგადად ხედვები მავანთ ყელზე ადგეთ… ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
გამოძიებას მე მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია და მათივე განცხადებით, მომავალში მათ ჩემთან კითხვები აღარ უნდა ჰქონდეთ, თუმცა დავძენ, მტკიცებულების ვალდებულება, რომ მე დამნაშავე არა ვარ, ჩემზე არ არის, ეს ვალდებულება იმაზეა, ვისაც ჰგონია, რომ მე დამნაშავე ვარ. ასე რომ, ძალიან მარტივადაა საქმე".