საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება. დღევანდელ წერილში ქართველი ფეხბურთელების თავზე გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებთ.
ჩვენი პირველი გმირი გიორგი დემეტრაძე იქნება. რამდენიმე თვის წინ, კიევის „დინამოს” ყოფილმა მცველმა, ანდრეი ნესმაჩნიმ 2000 – 2001 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაპირისპირება გაიხსენა და ისიც მოყვა როგორ შეასრულა თამაშამდე გიორგი დემეტრაძემ დალაქის როლი:
„საბოლოო წარუმატებელი შედეგის მიუხედავად, ვთვლი, რომ ღირსეულად გამოვედით. ყველაზე დასამახსოვრებელი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე კოლექტიურად თავის გადაპარსვის გადაწყვეტილება იყო. მახსოვს, თავდაპირველად, მაქსიმ შაცკიხთან ერთად ეს იდეა არასერიოზულად აღვითქვი, მაგრამ საბოლოო ჯამში, თანაგუნდელებს მხარი ავუბით. დალაქად დემეტრაძე მოგვევლინა, რომელსაც თმის საკრეჭი ხელსაწყო თან ჰქონდა. რაც მთავარია, ასეთმა კოლექტიურმა საქციელმა დადებითად იმოქმედა“.
ზემოთნახსენები შეხვედრა 0:0 დასრულდა და კიეველთა რიგებში, გიორგი დემეტრაძესთან ერთად, კახა კალაძემაც ითამაშა.
კიევის „დინამოსთან“ დაკავშირებული ერთი სახალისო მოგონება თბილისის „დინამოს“ მასაჟისტ ანზორ გაბიტაშვილსაც გააჩნდა.
„დინამოს“ სტადიონზე თამაში გვქონდა კიევის „დინამოსთან“. მატჩის დროს ვაჟა ჟვანიას წარბი გაუსკდა და მივედი, რომ გავუკერო ჭრილობა. ბურიაკი მორბის და ხელს მკრავს. არადა, დაძაბული ვარ. როგორი საქმეა, ღრმა ჭრილობა აქვს კაცს. მოედნიდან გაიყვანეო.
მეც ვეღარ მოვითმინე და გვარიანად შემოვულაწუნე. წამოვიდა ბლოხინი მის დასახმარებლად. ეს რომ დავინახე, ვიფიქრე, ხელის ჩამოსართმევად არც ის მოდის-მეთქი. მეც მოვემზადე. მოვუღერე მუშტი. ასეთ პოზაში რომ დამინახა, ბლოხინი გამეცალა. თუმცა ეს ამბავი ასე არ დასრულებულა.
საბჭოთა კავშირის ნაკრები თბილისში ემზადებოდა. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ შვედი საუნაში და დავჯექი. გავიხედე და რას ვხედავ. ბლოხინი შემოდის. მას მოჰყვება ბურიაკი. ბლოხინმა რომ დამინახა, უკანმოუხედავად გაიქცა. რა არისო, ეკითხება ბურიაკი. ბლოხინი ცოცხალი თავით ხმას არ იღებს. ესეც ცნობისმოყვარეობის გამო შემოვიდა და მე რომ დამინახა, ისიც შურდულივით გავარდა. არადა, ადგილიდან არც დავძრულვარ.
მერე გავიგე, საშა ჩივაძეს ეთქვა, ეგ გიჟია, არაფერს არ შეარჩენს კაცს და ერიდეთ, ნაღდად მოგკლავთო. საშამ ისე დააშინა ორივე, რომ ჩემი შიში დიდხანს გაჰყვათ.
მერე ერთ ბანკეტზე დავახლოვდით და ყველაფერი გავარკვიეთ. შემდეგ დავძმაკაცდით კიდეც“.
რადგან სიტყვამ თბილისის „დინამო“ მოიტანა 1981 წლის ერთ ისტორიას გაგახსენებთ. იმ სეზონში ქართველმა ფეხბურთელებმა თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს და ესპანეთის დედაქალაქში დაგეგმილ დიდ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრნენ. ალბათ გახსოვთ „რეალთან“ დაპირისპირება და დავით ყიფიანის მიერ მიღებული სერიოზული ტრავმა.
იმ სასტუმროს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები ცხოვრობდნენ, დიდი აუზი ჰქონდა, რომლის ახლოსაც აბრა ეკიდა და მასზე ფართო ასოებით ინგლისურად ეწერა: „ნოუ პარკინგ!“. დინამოელები ინგლისურთან მწყრალად იყვნენ და ისევ ცხონებულმა დავით ყიფიანმა გამოიდო თავი – ეს წარწერა იმას ნიშნავს, რომ აუზში ზანგების ჩასვლა აკრძალულიაო. მალე ქართველი ფეხბურთელები აუზში ჩავიდნენ და უცებ ხედავენ, რომ რამდენიმე მუტრუკი ზანგი აუზში ჩამოსვლას აპირებს.
დინამოელების რეაქციამაც არ დააყოვნა – ზანგებს აბრაზე უთითებდნენ და მთელი ხმით „ნოუ პარკინგს“ გაჰყვიროდნენ. ზანგებმა ცოტა ხანს გაოცებით უყურეს ჩვენს ფეხბურთელებს, მერე მხრები აიჩეჩეს და მშვიდად ჩავიდნენ წყალში. დინამოელები მთლად გაგიჟდნენ და პროტესტის ნიშნად სულ გინებით დატოვეს აუზი!“
ჩვენი მომდევნო სტუმარი თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე გიორგი ჭილაია იქნება.
„1986 წელია. ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები კრასნოდარში შეხვედრების ჩასატარებლად მიგვიწვიეს. ქართულ გუნდში კალოევის, მესხისა და მეტრეველის გვერდით მოვხვდი. თბილისიდან რუსეთში მატარებლით გავემგზავრეთ.
ფეხბურთელები ყოველთვის კონიაკს ვარჩევდით დასალევად. თბილისიდან დაიწყო სმა კუპეში. მიშა მესხი მაგრამ სვამდა. არ იმჩნევდა დათრობას. იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც ბლომად სვამდნენ.
კრასნოდარში რომ ჩავედით – დავიქადნეთ, ჩემპიონები გავხდებით-თქო და მივედით კიდევაც ფინალამდე. აქ კი მთელი ძალით იჩინა თავი ალკოჰოლმა.
გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის „ტორპედოს“ ვხვდებით. ამ გუნდის ლიდერი ედუარდ სტრელცოვი გახლდათ. ესაა დაბრკოლება. „სტრელცოვი უნდა გაითიშოს“ – იყო დავალება. სტრელცოვს დალევა „არ სძულდა“. დავითრიეთ მატჩის წინ და „ბრატოკ, ბრატოკის“ ძახილში მარტო მას ორი ბოთლი კონიაკი „გრემი“ დავალევინეთ. „გაბრუვდება, აბა რას იზამს?“
გამოვიდა სტრელცოვი და ორი ბურთი შეგვიგდო მთვრალმა. წავაგეთ – 1:2.
– მივქარეთ – ვთქვით მატჩის შემდეგ – სამი ბოთლი უნდა გადაგვეყლაპებინა.
სლავა მეტრეველს ჩაეცინა – კარგი გიქნიათ, რომ ორი დაალევინეთ. სამი რომ დაგელევინებინათ 1:3 იქნებოდაო“.
დღვანდელ „საფეხბურთო მოგონებებს“ ბატონი თენგიზ სულაქველიძე დაასრულებს.
„მოსკოვში ოლიმპიადაა. სსრკ-ის ნაკრებში მე და რეზო ჩელებაძე ვთამაშობდით. მესამე ადგილი ტრაგედია იყო ჩვენთვის, მაგრამ რას იზამ?! – დავმორჩილდით ბედს.
მოსკოვის სასტუმროში ვართ, სპორტკომპლექსთან ახლოს. მოგეხსენებათ, რომ მოგების შემთხვევაში „უფროსი ძმები“ რუსები ყველაფერს თვითონ მიიწერდნენ, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ყველაფერს ჩვენ „კავკასიელებს“ გვაბრალებდნენ.
სასტუმროს ნომერში ვართ მე და ჩელებაძე. ლიმონათის გასახსნელი ვერ ვნახე ვერსად, არადა საშინლად მწყურია,
მივიხედ-მოვიხედე და იქვე პატარა „ტუმბოჩკა“ შევამჩნიე, ჩამოვკარი ბოთლის საცობი და გავხსენი. ეს კი გავხსენი, მაგრამ „ტუმბოჩკა“ გაიჩხაპნა საკმაოდ შესამჩნევად.
შემოგვეყარა გულზე, ეს გვინდოდა ახლა? – ისედაც დაბოღმილები ვართ, რომ გუნდის მთელ წარუმატებლობას ჩვენ გვაბრალებენ.
რუსებს „ჯავრის ამოყრის“ საშუალება მივეცი.
– კტო ეტო პაცარაპალ? – გვეკითხება ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს ნომერში შემოხეტიალებული რუსი მესართულე.
მე და ჩელემ უხერხულად გადავხედეთ ერთმანეთს. რუსი თვალს არ გვაშორებს.
– ეტო ია სდელიალ! – გამოვტყდი უხერხულად.
– შტრაფ 2000 რუბლეი! – მტკიცედ ჩამარცვლა მესართულე რუსმა.
2000 მანეთი კომუნისტების დროს ვეებერთელა, კატასტროფიული თანხა იყო, მაგრამ სხვა რა გამოსავალი გვქონდა.
– ნუ ლადნა, ზაპლატიმ, – დავამშვიდე რუსი.
– კტო ზაპლატიტ?
– ია – ვთქვი რიხიანად.
– ნიეტ… ზაპლატიტ ჩელებადზე! (ამისი ჯინა აქვთ).
– რატომ, ბატონო, მე დავაშავე და მე გადავიხდი-მეთქი.
– არა, გინდა თუ არა – ჩელებაძემ უნდა გადაიხადოს! – არ წყნარდება რუსი.
საქმე იმაში იყო, რომ თურმე „თევზი თავიდან ყარდა“, ჩელეს გაშვება უნდოდათ ნაკრებიდან და ჩემი დატოვება. რაღას იზამდა? რეზო თავმოყვარე ბიჭია და გადაიხადა ის 2000 მანეთი.
ეს საქმე რომ მოთავებულად ჩათვალა, ჯარიმა მაინც გადახდილია, ზარალით მაინც ვიზარალე, მე მაგის დედაცაო, დაავლო ხელი ომ ოხერ ტუმბოჩკას და მოისროლა სასტუმროს ფანჯრიდან (მე-6 სართულზე ვიყავით).
ზუსტად ერთ საათში გუნდის ხელმძღვანელობამ „სპორტული ხულიგნობისთვის“ მე და ჩელე 4000 მანეთით დაგვაჯარიმა“.