ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის ცენტრში, კომუნისტების ხანაში აგებული ერთსართულიანი შენობა დგას, რომელიც დროებითი კანტორის ფუნქციას ასრულებდა, ახალი ორსართულიანი საკოლმეურნეო შენობის აგების პერიოდში. ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამ შენობის აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით მჟავანაძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან, მისი თქმით, უცნობია, თუ რა პირობებით გაიყიდება შენობა.
ჩვენ შენობის გარე ხედის და ინტერიერის კადრები გადავიღეთ. ის ნაწილობრივ ამორტიზებულია, დაზიანებულია ჭერი, კედლები. ერთ მოზრდილ ოთახში განთავსებულია ჩაის საწნეხი მინი-ფაბრიკის აპარატურა, რომლის მეშვეობით აქ, რამდენიმე წლის წინ, სოფლის მკვიდრი ჩაის გადამუშავებას ახდენდა. მერე, გარკვეულ პერიოდში, ასევე სოფლის მკვიდრს, მაღაზია ჰქონდა გახსნილი. შენობა დღეისთვის უმოქმედოა.
დავით მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ინვესტორის შემოსვლა სოფელში ძალიან კარგია და მიესალმება ამ ფაქტს:
_ არათუ გაყიდვას, ინვესტორისთვის შენობის დროებით უსასყიდლოდ გადაცემასაც კი დავუჭერ მხარს, თუ სოფლის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. მე ვაპროტესტებ იმას, რომ არ გამიგია გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ. ეს ხალხმა უნდა იცოდეს. წლების წინ აქ ვაპირებდით სარიტუალო დარბაზის გაკეთებას, თუმცა, მე მაშინ ამის წინააღმდეგ წავედი, რადგან ჯერ უპირველესი _ წყლის პრობლემა იყო მოსაგვარებელი. გვითხრან, რა პირობებით იყიდება, იქნებ, ჩვენც ვიყოთ თანახმა?! _ ამბობს დავით მჟავანაძე.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე ამბობს, რომ სოფლის პროგრამის პროექტით არც არასდროს შეიძლებოდა სარიტუალო დარბაზის აშენება თუ გაკეთება და არც მომავალში დაუშვებენ. ასევე, არ დაუშვებენ დროებით უსასყიდლოდ გადაცემასაც:
_ სოფლის პროგრამის მიზნობრიობა ინფრასტრუქტურაზე გადის _ თანხა უნდა მოხმარდეს გზის გაკეთებას თუ წყლის გამოყვანას, რასაც ხალხი ისურვებს. შენობა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და გამჭვირვალე აუქციონის წესით გაიყიდება. არ დავუშვებთ, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ჩაიგდონ ხელში რაიმე. ყველა ჭანიეთელს, ისევე როგორც სხვას, აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში. ღმერთმა ქნას, გამოჩნდეს ყიდვის უამრავი მსურველი, საზღაური მხოლოდ ჭანიეთს მოხმარდება, _ გვითხრა კვერღელიძემ.
ჩვენ ვესაუბრეთ სოფლის არაერთ მკვიდრს, ახლანდელ თუ ადრინდელ ხელმძღვანელ პირებს. ყველა თანხმდება, რომ შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და საჭიროა კანონიერი გზით მისი ისევ სოფლის საკეთილდღეო სამსახურში ჩაყენება, თუმცა, ხალხს და დეპუტატს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია წინასწარ რომ უნდა ჰქონდეს, ეს კანონიერი მოთხოვნაა.
მერაბ ბერაძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელში: _ თუ არ დაიშლება შენობა და პატრონი გამოუჩნდება, მაგას რა სჯობს. რახანია, ტყუილად დგას. მთავარია, სოფლის სასიკეთოდ გარდაიქმნას, ვინმე დასაქმდეს.
იზო მამინაშვილი, პედაგოგი: _ რაღაც ამოძრავდეს და კარგ საქმეს რა სჯობს? ნუ დაანგრევენ, სოფლისთვის გაკეთდეს რაიმე. ეს სოფლის იყო და სოფლის ქონების გაყიდვით, ისევ სოფელმა უნდა იხეიროს.
მალვინა ნინიძე, ჭანიეთის საჯარო სკოლის დირექტორი: _ გაუქმებულია და უმოქმედო. თუ სოფლისთვის რაიმე დანიშნულებას შეიძენს, ვინაა წინააღმდეგი? მთავარია, ვინც იყიდის, რაღაც სოფლისთვის სასიკეთო გააკეთოს იქ.
ავთანდილ სურგულაძე, სოფელ ჭანიეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში: _ კარგი იქნება, თუ პირობა იქნება დაცული, რომ არ დაიშლება და რაღაც კარგი გაკეთდება. უკვე გადაწყვეტილია სოფლის ცენტრში ახალი საბავშვო ბაღისა და სკოლის აშენება. აქაც თუ რაიმე გაკეთდება, მხოლოდ დაამშვენებს სოფელს და საწინააღმდეგო არც არაფერია.