ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი, ლანჩხუთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდებს უარი თქვას ბნელი, კომუნისტური წარსულიდან მომდინარე სისტემაზე, რომელიც ჯერ თავად ქმნის დამნაშავეებს და შემდეგ "გმირულად" ებრძვის მათ.
განცხადების ტექსტი ძირითადად მის ესე სარჯველაძის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვას ეხება.
"დაპატიმრებულია ესე სარჯველაძე. გამოძიება მას ქრთამის აღებასა თუ გამოძალვაში ედავება. გამოძიება ამბობს, რომ დაკავებულმა თითქოს ჩვენება მისცა, გამოძალული თუ ქრთამად აღებული (ასე იმიტომ ვამბობ, არ ვიცი როგორი ფორმულირებითაა ბრალი წაყენებული) თანხის ნაწილი, 2000 ლარი, ჩემთვის უნდა გადმოეცა.
თითქოს ვამბობ იმიტომ, რომ ყოველივე ეს მიუკერძოებელმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომლისთვისაც სულაც არაა საკმარისი მხოლოდ ესე სარჯველაძის განცხადებაზე (რომც ეთქვა ეს) დამყარებული ვერსია.
რამდენადაც მიცემული ჩვენების შემდეგ გავარკვიე, არც გამოძიება აპირებს ამ დაუსაბუთებელ, ჰაერიდან მოტანილ განცხადებაზე დაყრდნობას, თუ რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება, კიდევ გავიმეორებ, საერთოდ არსებობს.
რეალური საბუთი კი ჩემს წინააღმდეგ ვერ იქნება იმ უბრალო მიზეზით, რომ მე არასოდეს ესე სარჯველაძესთან და მით უფრო ვიღაც კაზარიანთან არანაირი გარიგება არ მქონია და არასოდეს რაღაც ქვედინებებში მონაწილეობა არ მიმიღია.
მთელი პროცესი ჩატარდა კანონის სრული დაცვით, აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომელიც ითვალისწინებდა კაზარიანისთვის ქონების აუქციონის წესით გადაცემას, კანონთან სრულ შესაბამისობაშია. მავანთა საყურადღებოდ მინდა დავძინო, რომ მეორე გზაც, ანუ აუქციონის გარეშე, პირდაპირ გადაგვეცა ქირავნობის უფლება, კანონიერი იქნებოდა", _ აღნიშნავს ზენაიშვილი და დასძენს, რომ ზოგადად, საეჭვოა აღნიშნულ საქმეში ქრთამის შეთავაზება მომხდარიყო და ამის არგუმენტებიც მოჰყავს.
"გამოძიება ამბობს, რომ ე.ს-მ მეწარმე კაზარიანს, რომელიც თავის მხრივ თითქოს იყო ვიღაც თურქი ბიზნესმენის წარმომადგენელი, რომელიც თვალითაც არავის უნახავს, გამოსძალა 3000 ლარი.
უფრო კონკრეტულად რომ მოვყვეთ, მიწის ნაკვეთი, რომელიც კაზარიანს იჯარით უნდა აეღო 4 020 ლარადაა შეფასებული. ხუთწლიანი იჯარის შემთხვევაში კი მას წელიწადში 2 500 ლარი უნდა გადაეხადა. როგორ ფიქრობთ, მეწარმე, რომელიც ჭყვიანი ადამიანი უნდა იყოს, გარიგებაში 3 000 ლარს გადაიხდიდა? სათუა, რომ ამხელა თანხა აუქციონამდე გადაიხადოს ვინმემ, მითუმეტეს 1 თვით ადრე და ისეთ შემთხვევაში, როცა აუქციონზე გამარჯვების შანსი 50/50ზეა", _ ამბობს ზენაიშვილი.
განცხადებიდან ირკვევა, რომ მისი ვარაუდით, არავითარი მეწარმე კაზარიანი არ არსებობს და ის ანტიკორუფციულ სამსახურში სპეციალური ამოცანის შესასრულებლად შექმნეს.
"ერთ-ერთ უწყებაში, სავარაუდოდ ანტიკორუფციულ სამსახურში, შეიქმნა ლეგენდა თურქი ბიზნესმენისა და მისი წარმომადგენლის ი/მ კაზარიანის შესახებ, რომელთაც თითქოს სურდათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად მიწის ნაკვეთის 5 წლიანი იჯარით აღება და ამ ლეგენდით შეიარაღებული კაზარიანი შეუდგა საკბილოს ძებნას, რომ როგორმე ვინმე ქრთამის აღებაზე დაეთანხმებინა. ოთხი თვის თავზე, მართალია ისე არა როგორც ჩაფიქრებული იყო (ვფიქრობ სამიზნე მე ვიყავი-ვ.ზ.), თუმცა შედეგი მაინც დადგა… მხოლოდ ამით აიხსნება ზემოთ აღნიშნული ალოგიკურობა და აბსურდი, რომელიც "მეწარმე" კაზარიანის ქმედებებიდან იკვეთება. ასე რომ ე.წ. მეწარმეს ფული კი არ გამოსძალეს პირიქით, მთელი ოთხი თვე იწვალა, რომ თანხა ვინმესთვის როგორმე, მაპატიეთ სლანგისთვის და შეეტენა", _ ამბობს ზენაიშვილი და იმ შემთხვევას იხსენებს, როცა ის გამგებელ ზაზა ურუშაძის კაბინეტში ანტიკორუფციული სამსახურის 5 თანამშრომელს შეხვდა, რომლებმაც უთხრეს – ხალხს საქმის კეთება უნდა და ხელს უშლიო.
"იმდენი მოთხოვეს ქრთამი საცოდავს, სანამ ყელში არ ამოუვიდა და ჩვენ არ მოგვმართაო. ვითომ არ იცოდა ოპერატიულმა მუშაკმა, რომ კაზარიანი მათი აგენტი იყო და მათივე დავალებით მოქმედებდა. ვითომ არ იცოდა, რომ კაზარიანმა სხვადასხვა დროს რამდენიმე ადამიანი იგივე ტრიუკით დააჭერინა. ვითომ არ იცოდა, რომ კაზარიანი მსგავსი ქმედებებისთვის, თვით ლანჩხუთის პოლიციიდანაც კი, როცა იქ მუშაობდა, გააშიშვლეს და ისე გამოაგდეს გარეთ", _ აღნიშნავს ზენაიშვილი და ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლების გამგებელთან საუბრის დეტალებსაც იხსენებს.
მისი თქმით, ურუშაძემ ანტიკორუფციულის თანამშრომლებთან იუარა იმის ცოდნა, რომ გამგეობა მიწის იჯარით გაცემას აპირებდა. ზენაიშვილის მტკიცებით კი, მან თავად ჩააყენა ურუშაძე საქმის კურსში.
"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაზარიანის განცხადებას ურუშაძის რეზოლუცია ადევს, ხოლო წერილზე, რომელშიც გამგებელი კაზარიანისთვის ქირით გადასაცემი მიწის ნაკვეთზე საიჯარო თანხის ოდენობის განსაზღვრას სთხოვს საკრებულოს, მისი ხელწერაა. აბა არ ვიციო?! პირველად მესმისო?!..", _ აღნიშნავს ზენაიშვილი.
რაც შეეხება თავად ლანჩხუთის გამგებლის, ზაზა ურუშაძის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ის "გურია ნიუსთან" ესე სარჯველაძესთან რაიმე სახის კონტაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას არც იჯარის საქმესთან დაკავშირებული საკითხები არ ეხებოდა.
"იჯარის თემასთან დაკავშირებით საკითხები ეხებოდა ჩემს მოადგილეს ნუგზარ ცინცაძეს და ქონების მართვის სამსახურის უფროსს გიორგი ფაცურიას.
სარჯველაძეს ნამდვილად არ ვიცნობ და მასთან არანაირი შეხება არ მქონია, ის თუ გამგეობაში დადიოდა საერთოდ არ ვიცოდი, არ ვიცნობ ამ პიროვნებას, ესე სარჯველაძეს", _ ამბობს ჩვენთან საუბარში ურუშაძე. ვახტანგ ზენაიშვილის განცხადებაში აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით კი შემდეგ განმარტებას აკეთებს:
"მე ვიცოდი, რომ ეს განცხადება იყო შემოსული, ვიცოდი, რომ ეს განცხადება ჩემი ხელით დავაწერე ჩემს მოადგილეს ნუგზარ ცინცაძეს და გიორგი ფაცურიას, რაც შეეხება ესე სარჯველაძისა და მაგათ ჩართულობას, საქმის კურსში ნამდვილად არ ვიყავი. ესე სარჯველაძე გამგეობის თანამშრომელი არ არის და არასდროს არ ყოფილა", – აღნიშნავს გამგებელი და დასძენს, რომ მოხდა ცუდი ფაქტი, რასაც გამოძიება დაადგენს, დამნაშავეები კი მკაცრად აგებენ პასუხს.