"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გურიის ახალდდანიშნულ გუბერნატორზე ისაუბრეს.
"გვინდა, გამოვეხმაუროთ გურიის გუბერნატორად გია სალუქვაძის დანიშვნის ფაქტს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიუხედავად უამრავი დაპირებისა, კოალიცია „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არცერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეუსრულებულა და არცერთი მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა, როგორც მთელს ქვეყანაში ასევე გურიის რეგიონში.
ყოველივე ამის ფონზე, ქვეყნის უუნარო მმართველმა, გურიის გუბერნატორის პოსტზე, ნაცვლად კრეატიულად მოაზროვნე კადრისა, რომლის მიზანიც იქნებოდა რეგიონში საინვესტიციო პროექტების, ინფრასტრუქტურისა და მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესება, დანიშნა წარსულში პოლიციელის ცემისთვის ნასამართლევი პირი, რომელიც იმ გაუაზრებელი საყოველთაო ამნისტიის შედეგად იქნა განთავისუფლებული, რომლის ირგვლივაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს." – თქვა შეხვედრაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გურიის გუბერნატორმა თანამდებობაზე დანიშვნამდე საზოგადოებას თავი დაამახსოვრა განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკური ძალების დევნით, რისი ნათელი მაგალითიც ძალადობის შემცველი ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვნების ორგანიზებულად მიყვანაა.
„ყოველივე აქედან გამომდინარე,"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გურიის გუბერნატორის პოსტზე გია სალუქვაძის დანიშვნას მკვეთრად ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევს და ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილება ხელს არ შეუწყობს რეგიონის განვითარებას და მის პერსპექტივას."
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავას თქმით, გუბერნატორის დანიშვნაში რეჟისორი გოგა ხაინდრავა იყო ჩართული.
"პირდაპირი გადაწყვეტილება იყო ბიძინა ივანიშვილის, რომ გია სალუქვაძე დანიშნულიყო გურიის გუბერნატორად, უბრალოდ აქ შუამავალი არის ძალიან საინტერესო. ბატონი სალუქვაძის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილს გოგა ხაინდრავამ შესთავაზა. ალბათ ამ ორ კაცს შორის ურთიერთკავშირი არ გაგიკვირდებათ, ვინაიდან ერთი კარგად ცნობილი რეჟისორია, ხოლო ახალდდანიშნული გუბერნატორი ახალშემდგარი რეჟისორი. მე არ მახსენდება არცერთი გუბერნატორი, ასეთი ნეგატიური ბრეგრაუნდით ჩამოსულიყო გურიაში, ეს არის სამწუხარო ფაქტი და ამ ფაქტს აუცილებლად ექნება ზეგავლენა გურიის რეგიონის განვითარებაზე. მისი მრწამსი "ნაციონალური მოძრაობისა" და განსხვავებული აზრის დევნაა. მე ერთ რამეს ვურჩევდი სალუქვაძეს, გურია "განწირულია" მხოლოდ დემოკრატიული მმართველობისთვის და ნებისმიერი ტიპის ზეწოლით, ნებისმიერ ტიპის ძალადობრივი მმართველობა გურიაში მთავრდება კრახით"._ განაცხადა კახა ასკურავამ.
გუბერნატორის კომენტარეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.