ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები გური არობელიძის თქმით, სოფლის მეურნეობაში, ბოლო სამ წელიწადში სიახლეები იყო, მაგრამ ბოლო დროს საყანე ფართობში თესვის პროცესი გაძვირდა და ამ საკითხის გადაჭრას ხელისუფლებას სთხოვს.
"გაზაფხულია და ყანები უნდა დაითესოს. აგრონომი ვარ და ყანას ყოველთვის ვთესავ. 5 მაისისთვის ინფორმაცია უნდა მიგვეწოდებინა გამგეობისთვის, რომ ეს პროცესი დამთავრებულია, მაგრამ დახნული არ არის არც ერთი ფართობი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტრაქტორი მწყობრშია; თუ ჩაივლით მერიის გზაზე და ნახავთ, კაცმა არ იცის, რა აკეთებენ. ვაუჩერები დაარიგეს ყანების სახნავად, მაგრამ დათესვა ხომ უნდა? ამის საშუალება ხალხს არ აქვს. დახნულ ფართობზე ითხოვენ, 20 ლარი მოგვეცითო, რით მივცეთ? ვიცი, მთავრობა აკეთებს და კარგი პროექტებია სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ისინი ვინ არიან, ვინც 20 ლარს ითხოვენ დათესვაში? გასულ წელს 8-9-10 ლარად ვთესავდით", _ თქვა გური არობელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ჩატარებულ "ღია კარის დღეზე".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ფერმერებს მხოლოდ მიწის ნაკვეთის დახვნაში ეხმარება აგრო ბარათების მეშვეობით.
_ მცირემიწიან ფერმერთა პროგრამაში ჩართულია 22 462 ბენეფიციარი, აქედან, სახნავი არის 11 120 ბარათი, ხოლო აგრო ბარათი _ 11 342. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 1700 სახნავი ბარათი მოსახლეობამ უკან დააბრუნა. ხდება ისეც, რომ, ფერმერს, რომელსაც სახელმწიფო უწევს დახმარებას დახვნაში, მენეჯერის მიერ შემოწმებისას, რეალურად, სახნავი მიწის ნაცვლად, მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული ნაკვეთი აღმოაჩნდება.
ამ ეტაპზე, აგრო ბარათის გამოყენებით მოხნულია 1280 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, უბარათოდ კი _ 843 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, _ გვითხრა გიგა ხარაბაძემ, რომლის ინფორმაციითაც, წვიმიანი ამინდების მიუხედავად, უკვე სრულდება მიწის ნაკვეთების დახვნა.
_ ბატონო გიგა, როგორც ერთ-ერთი ფერმერი _ გური არობელიძე ამბობს, წინა წელთან შედარებით, წელს დათესვის ფასმა მოიმატა…
_ ასე არ არის. ეს დამოკიდებული საწვავის ფასზე, ლარის კურსზე. ეს უშუალოდ ბენეფიციარის და კერძო კომპანიის პრეროგატივაა, თუ როგორ მოილაპარაკებენ ერთმანეთში. ძალიან დიდი პროგრამა მოქმედებს, რომ არ ყოფილა ისტორიაში, ისეთი პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობის კუთხით და ეს არის რეალობა, _ გვითხრა გიგა ხარაბაძემ.
"გურია ნიუსი" შპს "მექანიზატორის" ბრიგადის მენეჯერს მაიზერ გულბიანს დაუკავშირდა, რომლისგანაც უფრო დეტალურად გავიგეთ, რა ჯდება თესვა ოზურგეთში.
მაიზერ გულბიანი: _ გააჩნია, რა ოპერაციებს შეგვიკვეთს ფერმერი. მაგალითად, დადისკვა _ 7 ლარი, ჩელტი _ 6 ლარი და 50 თეთრი, სიმინდის თესლი _ 4 ლარი.
_ ბატონო მაიზერ, როგორია თესვის ფასები წინა წელთან შედარებით?
_ დათესვა ერთი ლარით შემცირდა. წინა წელს 5 ლარი იყო და წელს კი 4 ლარია.
_ "გურია ნიუსს" ფერმერების ერთმა ნაწილმა უთხრა, რომ დათესვა 20 ლარი ჯდება…
_ ეს იქნება ყველა ოპერაციის შესრულება. გააჩნია, რამდენი ჰექტარი არის დასამუშავებელი.
_ 1 ჰექტარზე სიმინდის დათესვა რა დაჯდება?
_ 17 ლარი და 50 თეთრი, მაგრამ ამას ემატება ნაკვეთამდე გზის ფული _ გააჩნია ეს 1 ჰექტარი მიწის ფართობი რამდენ კილომეტრშია. თუ 20 ჰექტარს თესავს, უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე 1 ჰექტრისა. ფერმერთა ერთი ნაწილი, ყველა ოპერაციას არ ითხოვს და იწვევს ფასებში სხვაობას, _ გვითხრა გულბიანმა.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რა პასუხი გასცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გურიანთელ გური არობელიძეს;
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ღია კარის სხდომაზე" ამომრჩეველთა მიერ დასმული ყველა საკითხი წარედგინა საკრებულოს ბიუროს, რომლის გადაწყვეტილებითაც, წარმოდგენილი საკითხები შესასწავლად და განსახილველად გადაეცა შესაბამის კომისიებს, გამგეობის სამსახურებს, საკრებულოს აპარატს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
რაც შეეხება, სოფელ გურიანთაში მცხოვრები გური არობელიძის მიერ "ღია კარის სხდომაზე" დასმულ საკითხს ხვნა-თესვის სამუშაოებთან დაკავშირებით, მისი განხილვა ბიურომ, აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიას სთხოვა. კომისიის თავმჯდომარე, შოთა ართმელაძე ამბობს, რომ სამუშაოების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში არ შედის: "თესვის სამუშაოების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში არ შედის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ აღნიშნული სამუშაოების უსასყიდლოდ შესრულებას. რაც შეეხება ხვნას, ის სრულად არის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული, მოსახლეობამ შესაბამისი ვაუჩერები უკვე მიიღო, დახვნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ამ მხრივ, მათ პრობლემა არ შეექმნებათ".
"ბატონ გური არობელიძეს, ისევე, როგორც "ღია კარის სხდომის" ყველა მონაწილეს, პასუხები წერილობით ეცნობებათ", _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურში.