"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად დამატებითი კონსტიტუციური გარანტიების რეგლამენტაციაა საჭირო.
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, ამის საფუძვლად ორგანიზაციას ის არასახარბიელო გამოცდილება მოაქვს, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოების საქმიანობაზე ზეგავლენის ნიშნებს ატარებდა და დღემდე ვერ ხერხდება სრულყოფილად მისი შედეგების კომპენსირება, რაც სამართლიანობის აღდგენის საკითხის აქტუალობის შენარჩუნებაში იკითხება.
შესაბამისად, ორგანიზაციის პოზიციით, სწორედ დღეს – როდესაც როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ისე, სხვა პარტიებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების აბსოლუტური უმრავლესობა გამოთქვამს მზაობას სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით, სახელმწიფოში მიმდინარე მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა უნდა გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი კატალიზატორი კონკრეტული და პრინციპული ცვლილებების განხორციელების საქმეში.
აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით ასოციაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას შემდეგი ტიპის რეკომენდაციებით მიმართავს: 1. სპეციალიზებული სასამართლოების შექმნა ქვეყანაში დაშვებული უნდა იყოს. დღეს კონსტიტუცია სპეციალიზებული სასამართლოების შექმნას კრძალავს. ასოციაციის ხედვით, თუკი სასამართლოს საქმიანობის ხარისხის ამაღლება ამას მოითხოვს, სახელმწიფოს სპეციალიზებული (სამართლის ამა თუ იმ ქვედარგზე ორიენტირებული) სასამართლოს შექმნა უნდა შეეძლოს. 2. მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს კონსტიტუცია ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს, რათა, ორგანული კანონით ან კანონით, სხვა საფუძვლები შედარებით იოლი გზით არ დაემატოს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შესაძლოა, კონსტიტუციის "გადატვირთვას" იწვევდეს, მოსამართლის პერსონალური დამოუკიდებლობის გარანტიის გასამყარებლად, მაინც გამართლებულია. 3.საერთო სასამართლოების მოსამართლეთა იმუნიტეტის მოხსნის უფლებამოსილების მქონე ორგანოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა განისაზღვროს, ნაცვლად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, რადგან ამ რანგის საკითხის ობიექტურ გადაწყვეტას კოლეგიური ორგანო უკეთ უზრუნველყოფს, ვიდრე ერთპიროვნული. 4.უნდა გაიზარდოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი. კერძოდ, იგი 30 წლის ნაცვლად, 35 წლით უნდა განისაზღვროს, ხოლო შემოღებული უნდა იყოს საკვალიფიკაციო ცენზი, სპეციალობით ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამართლის პროფესორად მუშაობის, სულ ცოტა, 10-წლიანი გამოცდილების სახით. 5.საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტის ვადად 9 თვე უნდა განისაზღვროს, რომლის 2 თვით გაგრძელების უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ექნება. დღეს ორგანული კანონით იგივე ვადაა დადგენილი, თუმცა, არა საქმის გადაწყვეტისათვის, არამედ საქმის განხილვისათვის, რის შედეგადაც, სასამართლო სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებას ხშირად 1 წელზე გაცილებით მეტ ხანს ანდომებს მიღებას. აღნიშნული, ძირითადი უფლებების ეფექტურად დაცვისა და აღდგენის თვალსაზრისით, გაუმართლებელია. 6. სასამართლოს (როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე საერთო სასამართლოების) ფინანსური უზრუველყოფის გარანტიები, ნაცვლად ორგანული კანონისა, კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს. ეს სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უფრო ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს და მასზე, ისევე, როგორც სხვა საკონსტიტუციო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიას კვლავ მიმართავს წინადადებებით.