საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო პროექტის – "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში, ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 11:15 საათზე, მთავრობის მეთაური ბათუმში, "სოკარის" ცენტრალური ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
12:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბრენდის მაღალი დონის სასტუმრო "ჰილტონს" გახსნის.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებსა და რაიონების გამგებლებთან.
14:00 საათზე კი, მთავრობის მეთაური, ახლად გახსნილ სასტუმრო "ჰილტონში", საქართველოში მოღვაწე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს წარუდგენს.
პროექტის – "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" წარდგენა აჭარით სრულდება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთავრობო პროგრამა რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, საწარმოების აღდგენას და რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.