ჟურნალისტთა ქსელი ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმს აფორმებს. ღონისძიებას ხვალ, 2015 წლის 20 მაისს, 11:30 საათზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში "საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის" თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" დირექტორი თამარ კაციტაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმი გულისხმობს ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გამართული ღონისძიებების, მათ შორის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015-ის ჩატარების დროს გენდერული ასპექტების გათვალისწინებას, გენდერულად არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას და გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას და განახორციელებენ კოორდინირებულ, პოზიტიურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ საქმიანობას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დასაცავად.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულებას იღებს ითანამშრომლოს "ჟურნალისტთა ქსელთან გენდერული თანასწორობისათვის" და კომიტეტის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში, საინფორმაციო თუ სარეკლამო სტრატეგიის და მასალების შემუშავების დროს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გენდერული ნორმების დაცვა, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაციას.