მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (ქართული, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა) ჩააბარებენ.
გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება. 4 საგანი (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) მოსწავლეებმა მე-11 კლასის ბოლოს ჩააბარეს.
გამოსაშვები გამოცდები 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყო. გამოცდებისათვის 44 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.
გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემის მაქსიმალური დაცულობისათვის ასევე მომზადდა და დაინერგა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser, რომელიც ტესტირების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს და კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობებს ზღუდავს. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.