„მოსიყვარულე დედიკო“ – ყველაზე ხშირად სწორედ ეს ტიპაჟი გვხვდება. საუკეთესო დედა, რომლისთვისაც მისი ქალიშვილი ყოველთვის პატარა, დაუცველი გოგონაა, თანაც, ყველაზე უკეთესი, საუკეთესო. ამიტომაც სიძის მიმართ დიდი მოთხოვნები აქვს. შვილს ამარაგებს ინფორმაციით, როგორი უნდა იყოს ყველაზე კარგი ქმარი. საუკეთესო სტრატეგიაა მისი თანდასწრებით აქოთ ცოლი, თუ ამას გააკეთებთ, სიდედრი „მოკავშირედ“ აღგიქვამთ და ყველაფერი წესრიგში იქნება.
„მზრუნველი” – ამ ქალისთვის ორივენი ისევ ბავშვები ხართ და ბავშვებადვე დარჩებით. გაერთეთ, ყველაფერს დედიკო მიხედავს. რა უნდა იყოს ასეთ სიდედრზე უკეთესი?! – პირდაპირ სიკეთის განსახიერებაა, მაგრამ არა – მალე მისი მზრუნველობა გაგაგიჟებთ. სტრატეგია ასეთია: აჩვენეთ სიდედრს, რომ ზრდასრული მამაკაცი ხართ ან დარჩით ბოლომდე ბავშვად.
„გულჩვილი” – ერთი შეხედვით უწყინარია, მაგრამ ყველაფერი ისე ახლოს მიაქვს გულთან, ამით პრობლემებს საკუთარ შვილსაც უქმნის. თანაც მზად არის, თქვენთვის ნებისმიერ მომენტში გაიღოს მსხვერპლი. თითქოს იდეალური ადამიანია, მაგრამ თავისი საქციელით სულს გიფორიაქებთ. თავს დამნაშავედ გრძნობთ. პრობლემაც ეს არის.
„შვილის მეტოქე“ – ბევრ ქალს მოსწონს, როცა ქალიშვილის თაყვანისმცემლები არც მას ტოვებენ უყურადღებოდ. იცვამს პატარა გოგოსავით, ძალიან თანამედროვედ. რა თქმა უნდა, მისგან კულინარიულ შედევრებსაც ვერ ეღირსებით. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, მოიწონოთ თავი სიმპათიური და მარად ახალგაზრდა სიდედრით… და არ დაგავიწყდეთ, ხშირად გაუმეოროთ, რომ ძალიან ეფექტურია. ნუ გაიჩენთ მტერს საკუთარ ოჯახში.
„განხეთქილების ვაშლი“ – ეს ის ტიპაჟია, რომელიც ცდილობს, ყველა და ყველაფერი საკუთარ მოდელს მოარგოს, ადამიანური ურთიერთობებიც კი. ამიტომ, აუცილებლად ჩაერევა თქვენი ოჯახის საქმეში. პრობლემებსაც შეგიქმნით. საუკეთესო სტრატეგია?! – არ არსებობს. ფსიქოლოგებიც კი ვერ გირჩევენ, რა უნდა დაუპირისპიროთ ამას. უბრალოდ, შეეცადეთ, მოსისხლე მტრად არ გადაიკიდოთ, თორემ თქვენს ცოლსაც თავის „რელსებზე“ გადაიყვანს.
„შვილით უკმაყოფილო“ – ეს ტიპი იმით არის საშიში, რომ დარწმუნებულია, საკუთარი შვილის უგერგილობაში, შესაბამისად, თქვენს უვარგისობაშიც. მასთან მუდმივი კონფლიქტი გარდაუვალია. შვილსაც გააწამებს და თქვენც. მაქსიმალურად მოერიდეთ, თუ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის კარგი გინდათ.