საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სანიველირო ქსელის რეკონსტრუქციაზე მუშაობას აგრძელებს. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს იმ ადგილების კვლევა და შერჩევა, სადაც სანიველირო, გეგმიურ-სიმაღლური მოდელის შექმნისთვის საჭირო რეპერები უნდა განთავსდეს.
ამჟამად, სააგენტოს სპეციალისტებმა საველე სამუშაოების შედეგად სანიველირე რეპერებისთვის ნატახტრის ხაზზე, საგურამოში, ფასანაურსა და ქვემო ქართლში შესაბამისი ადგილები უკვე შეარჩიეს. მას შემდეგ, რაც ტერიტორია სრულად მომზადდება და რეპერები დამაგრდება, მათი კოორდინატების განსაზღვრა და ერთიან ქსელზე მიბმა მოხდება. სანიველირო ქსელის რეკონსტრუქციის შემდეგ კი მისი ელექტრონული კატალოგიც მომზადდება.
სახელმწიფო სანიველირო ქსელი ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიან სისტემას წარმოადგენს, რაც დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება. სახელმწიფო სანიველირე სიმაღლური ქსელი უზრუნველყოფს სამეცნიერო დარგების, დედამიწის ფორმისა და მისი ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას. აღნიშნული ქსელის გამართულობა მნიშვნელოვანია მშენებლობის პროექტირებისათვის, ჰიდროენერგეტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, კარტოგრაფიისა და გზათა ქსელის განვითარებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ეკონომიკური შეფასებისთვის, აერონავიგაციისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა დარგებისთვის.
საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია. აქედან გამომდინარე, დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისათვის სანიველირო ქსელის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით სამუშაოები არ ჩატარებულა. სანიველირე სვლების, რეპერებისა და მარკების უმეტესობა დაზიანებული ან განადგურებლია. სააგენტოს პროექტიც სწორედ მათ აღდგენა-განახლებას ისახავს მიზნად.
საქართველოს მასშტაბით სულ 2000-მდე სანიველირო ნიშანია მოსაკვლევი. მოკვლევის შედეგად სახელმწიფო სიმაღლური ქსელის მონაცემთა ბაზა შეიქმნება. ამას გარდა, მომზადდება საქართველოს ზუსტი ციფრული კვაზიგეოიდალური (სიმაღლური) მოდელი, რომელიც GPS – მიმღებებში ჩაიტვირთება და ადგილზე საჭირო წერტილების აბსოლუტური სიმაღლეების განსაზღვრის შესაძლებლობას შექმნის.
სანიველირო ქსელის რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.