ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსმენა გაგრძელდა.
სხდომის დასაწყისში, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია რიგაში მიმდინარე აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლატვიის დედაქალაქში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.
_რიგის სამიტზე საქართველოს მთავრობა ქვეყნის მიერ მცირე დროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით წარდგა. ბოლო 6 თვის მანძილზე დიდი სამუშაოები ჩატარდა და გვაქვს მაღალი შეფასება რეფორმების განხორციელებაზე, განსაკუთრებული როლი ამ შეფასებებში კი ადამიანთა უფლებების დაცვასა და ამ სფეროში გატარებულ ღონისძიებებს ეთმობა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილტრი და პროცესი, რომელიც ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების მდგომარეობას ამოწმებს, სახალხო დამცველის ანგარიშია და მნიშვნელოვანია, რომ მისი განხილვა კომიტეტის სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაფართოებული ფორმატით მიმდინარეობს“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე განცხადებით, წინა წლის მსგავსად, კომიტეტი ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას შეაჯამებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, პირველი ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა.
რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფრასტრუქტურითა და ტრანსპორტით ადაპტირებული გარემოს შექმნა და სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახების სახელმწიფო ობიექტებში შეჭრის საკითხებს შეეხებოდა. მომხსენებელმა სამინიტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ მიმართულებებზე უწყების რეაგირება უკვე განხორციელდა და რიგ საკითხებზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.
სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ძველი პრაქტიკა, რომელიც წერილებზე პასუხის არ გაცემას შეეხებოდა გამოსწორებულია და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა მინისტრის პირველმა მოადგილემ თემურ მურღულიამ. მისი ინფორმაციით, რეკომენდაციების მთავარ მიმართულებას გარემოს დაცვით სფეროებში საზოგადოების ჩართულობა წარმოადგენდა.
მისივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობა ახალ მიდგომებს ამუშავებს, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაახლოვებული ევროსტანდარტებთან და მომზადებული პროექტები პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის წარედგინება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახალხო დამცველმა სამი რეკომენდაციით მიმართა. მათი შესრულების თაობაზე ინფორმაცია კომიტეტის წევრებს მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა წარუდგინა.
რეკომენდაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების არსებულ მდგომარეობას, მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებებს წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომხსენებელმა ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა და დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უწყებამ 2014-2015 წლებში განახორციელა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სახალხო დამცველის რეკომენდაციებით, რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების მომზადება დაევალა. საუბარია ,,იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციასა და ,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ხელშეკრულებაზე. მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ კონვენციის რატიფიცირებისათვის საჭირო მექანიზმებსა და გამართული კონსულტაციების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ხელშეკრულებები სარატიფიკაციოდ პარლამენტს წარედგინება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ რეკომენდაციებზე მინისტრის მოადგილემ გიორგი ბაქრაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, სამინისტროს თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური და ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული თეატრების შენობების რეაბილიტაციის საკითხების განსაზღვრა და საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხის გარკვევა დაევალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხური თეატრის შენობის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
რაც შეეხება აზერბაიჯანულ თეატრს, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებით, მასზე გამაგრებითი სამუშაოების წარმოებას სამინისტრო ამ ეტაპზე არარენტაბელურად მიიჩნევს და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას უწყება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გეგმავს.
კომიტეტის სხდომის დასრულებამდე, დეპუტატებმა და სახალხო დამცველმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც მოუსმინეს.
ამით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ორდღიანი მუშაობის პროცესი დაასრულა.
საკომიტეტო მოსმენებზე 15 უწყებისთვის მომზადებულ რეკომენდაციებზე და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია იქნა წარმოდგენილი.
კომიტეტი მორიგ სხდომას 25 მაისს გამართავს, რომელზეც სახალხო დამცველის შემაჯამებელი მოხსენების განხილვა გაიმართება.