იუსტიციის სამინისტროს მიერ, "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" დაგეგმილ ცვლილებებს მოსამართლეთა კორპუსისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი ეწინააღმდეგება.
საქმე დამოუკიდებელი ორგანოს – ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას ეხება. თავად ინსპექტორი დამოუკიდებელი პირი უნდა იყოს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე კონკურსით აირჩევა. ინსტიტუტი ანგარიშვალდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე იქნება და საბჭოს გარეშე გადაწყვეტილებებს მიიღებს.
"დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა დისციპლინური სამართალწარმოების ინსტიტუტის გასაძლიერებლად, აბსოლუტური რეალური გარემოების შესწავლიდან გამომდინარე გახდა საჭირო. რაც უკავშირდება საბჭოს პრაქტიკის განზოგადებას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან რამდენიმე დღის წინ მაღთლმასჯულების რეფორმის მესამე ეტაპისას დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას უზენაესი სასამართლოს თავმჯომარემ ნინო გვენეტაძემ.
თუმცა, ინსპექტორის ფუნქციას, დღეს არსებული კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასრულებს. მას უფლება აქვს, მოსამართლეზე საბჭოში შესული საჩივრის საფუძველზე დაიბაროს მოსამართლე და ახსნა-განმარტება მოსთხოვოს, ამასთანავე, გამოიკვლიოს მოსამართლის დისციპლინური დარღვევის მიზეზები და საჭიროების შემთხვევაში სასჯელიც დააკისროს.
აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ახალი ინსტიტუტის შექმნა, როცა საბჭო და დისციპლინური კომისია ამ საქმეს ისედაც აკეთებს.
"საბჭოს მდივნის ფუნქციები გადადის დამოუკიდებელი ინსპექტორის ხელში, რომელსაც 5-წლიანი იურიდიული განათლება აქვს და თავისი აპარატი ჰყავს. ინსპექტორი სასამართლო სისტემაში პროკურორივით მოდის. ექნება უფლება, რომ საჩივრის გარდა, კიდევ შეამოწმოს სხვა დარღვევებიც ხომ არ აქვს მოსამართლეს. ეს კი, სასამართლოში აჩენს განცდას, რომ ვიღაცას მოსამართლეების დასჯა უნდა. მოსამართლეებს ისიც კი უქმნის უხერხულობას, როდესაც ჩვენთან შემოდის საბჭოში საჩივარი მასზე და ჩვენ ვურეკავთ მას ახსნა-განმარტებისთვის. ამიტომ, მოსამართლეებისგან შემდგარმა საბჭომ და უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის გადაწყვეტილება და არა ინსპექტორმა", _ აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას და დასძენს, რომ ამ ცვლილებით, სასამართლო სისტემაში ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული სასიკეთო ნაბიჯებსა და წინ წაწეულ პროცესს ერთი ხელის მოსმით უკან დახევს.
"შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წინა წლების განმავლობაში იყო. ამ კანონების შემოღება, სასამართლოს თავმჯდომარეების გათავისუფლება, დისციპლინური ინსპექტორი და ა.შ. ამ პროცესს ერთი ხელის მოსმით უკან დახევს", _ აცხადებს მურუსიძე.
ლევან მურუსიძის ვრცელ ინტერვიუს "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
მოსამართლეები შეცდომის გარეშე მუშაობენ თუ ისინი ვინმემ დაინდო, უნდა გაირკვეს _ გვენეტაძე